ფრანსუა ოლანდის ვიზიტი

პრემიერი: მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთი ჩვენი კარგი სავაჭრო პარტნიორი იყოს

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებით დაინტერესებულია საფრანგეთთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებით. როგორც პრემიერმა საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, პირადად მისთვის, საფრანგეთი ყოველთვის იყო დემოკრატიული ღირებულებებისა და მაღალი კულტურის არაჩვეულებრივი მაგალითი.

"საფრანგეთის სახით, საქართველოს ჰყავს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც დემოკრატიისა და თავისუფლების საერთო ღირებულებები აკავშირებს. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ საფრანგეთს განვიხილავთ როგორც პარტნიორ ქვეყანას და უაღრესად ვაფასებთ საფრანგეთის პოზიციას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით", - აღნიშნა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო და საფრანგეთი აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

"საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი მოწინავე ქვეყანა, როგორიცაა საფრანგეთის რესპუბლიკა, ჩვენი კარგი სავაჭრო პარტნიორი იყოს. ამჟამინდელი სტატისტიკის მიხედვით, სავაჭრო პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული და მომავალში კიდევ მრავალ ასათვისებელ მიმართულებებს წარმოაჩენს. საფრანგეთი და ფრანგული ბიზნესი გამოირჩევა ინოვაციებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით. საქართველოს ახლა სწორედ ასეთი ცოდნისა და გამოცდილების შემოტანა სჭირდება ბიზნესში და შესაბამისად, ჩვენ ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისწავლოთ საფრანგეთისგან. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ არსებობს საქართველოდან საფრანგეთში ექსპორტის ზრდის პოტენციალი. საქართველოსაც შეუძლია მრავალი სახის მაღალი ხარისხის პროდუქცია შესთავაზოს საფრანგეთის ბაზარს", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა კიდევ უფრო იზრდება და ახალ, ფართო შესაძლებლობებს წარმოაჩენს ასოცირების შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) ივნისში ხელმოწერით. 

"მჯერა, რომ ის ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ამ შეთანხმების ფარგლებში წარმოიშობა, ხელს შეუწყობს საქართველო-საფრანგეთის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმზე ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით რამდენიმე ხელშეკრულებას. ფორუმზე სიტყვით საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც გამოვიდა.

კომენტარები