NDI-ის კვლევა

NDI: პატრიარქი გამოკითხულთა 96%-ს მოსწონს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, თავდაცვის მინისტრი პატრიარქის შემდეგ, ყველაზე მეტ გამოკითხულს მოსწონს. კვლევაში მონაწილეთა 96% ილია მეორე მოსწონს, 1%-ს არ მოსწონს, ხოლო 2%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია. ილია მეორისისადმი კეთილგანწყობის რეიტინგი წინა კვლევასთან შედარებით, 2%-ით არის გაზრდილი. 2013 წლის ნოემბერში ის 94%-ს მოსწონდა.

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანია გამოკითხულთა 67%-ს მოსწონს, ხოლო 12%-ს - არა. თავდაცვის მინისტრი ნოემბერში 72%-ს მოსწონდა.

ალასანიას შემდეგ, ყველაზე მეტად პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მოსწონთ. მას 64%-იანი კეთილგანწყობის რეიტინგი აქვს. ნოემბერში პრემიერი 71%-ს მოსწონდა. ამასთან, გამოკითხულთა 1%-ს მის შესახებ არ სმენია. 

პირველ ხუთეულში მოხვდნენ დავით უსუფაშვილი და კახა კალაძეც, შესაბამისად, 61% და 51%-ით. წინა კვლევასთან შედარებით, უსუფაშვილისადმი კეთილგანწყობის რეიტინგი 4%-ით, ხოლო კალაძისადმი - 9%-ით არის შემცირებული.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 3942 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRRC საქართველო ატარებს.

კომენტარები