წინასაარჩევნო გარემო

ალასანია: ბოლო დღეებში ოპონენტებს შორის ძალადობის სამარცხვინო ნიშნები იყო

წინასაარჩევნოდ დაკავებებზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ პრემიერის ინიციატივა დროული, საჭირო და სწორია, - თქვა მთავრობის სხდომის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

„ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის და არამხოლოდ თბილისის ქუჩებში შემაშფოთებელ ფაქტებს ვაკვირდებოდით. ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელმაც ოპონენტებს შორის ძალადობა არ უნდა დაუშვას. ბოლო დღეების განმავლობაში ამის სამარცხვინო ნიშნები იყო“, - მიიჩნევს ირაკლი ალასანია.

ალასანიას თქმით, პრემიერის გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ყველა პოლიტიკურ ძალას თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს. ირაკლი ალასანიას განცხადებით, ეს არჩევნები, ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნები, მაღალი სტანდარტების დაცვით უნდა ჩატარდეს.

„ბუნებრივია, პრემიერის ინიციატივას ყველანი ვუერთდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ამას, სამართალდამცავი სტრუქტურები თავს ჯეროვნად გაართმევენ“, - აღნიშნავს ალასანია.

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო დაკავებებზე მორატორიუმი ცხადდება.

კომენტარები