წინასაარჩევნო გარემო

ენმ-ის შეხვედრების ჩაშლის გამო, შსს-მ შვიდი პირი დააკავა

RFE/RL

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეხვედრების ძალადობრივად ჩაშლის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შვიდი პირი დააკავა. შსს-ს განცხადებით, აქციებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) მიმდინარეობს, რაც 100-ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

"პიროვნებების იდენტიფიცირების შემდეგ, სამართალდამცველებმა შვიდი პირი დააკავეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაკავებულია: 1975 წელს დაბადებული კობა კ, 1991 წელს დაბადებული გურამ ლ, 1994 წელს დაბადებული მანუჩარ მ; კახეთის რეგიონში: 1989 წელს დაბადებული არჩილ ბ, 1986 წელს დაბადებული ლევან კ; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში: 1985 წელს დაბადებული მერაბ ღ. და 1990 წელს დაბადებული ვახტანგ მ" - აცხადებს შსს.

თელავში, თბილისში, ანაკლიასა და წყალტუბოში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შეკრებილმა მოქალაქეებმა დაგეგმილი ღონისძიების ჩატარების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოსულ გიგი უგულავას კვერცხები ესროლეს.

პარტიამ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო გუშინდელი აქციების შესახებ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ "დაუშვებელია საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიის ძალადობრივი მეთოდებით გამოხატვა".

კომენტარები