აშშ-საქართველოს ურთიერთობები

კობახიძე: საქართველო არაა სკოლის მოსწავლე, საშემოდგომო გამოაყოლო და გამოსწორება მოსთხოვო

საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე, 2024 წლის 11 ივნისი
კადრი ვიდეოდან/იმედი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს განცხადებაზე - "მათ გვკითხეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ აშშ-სთან უკეთესი ურთიერთობები ჰქონდეთ, ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, ამის საფუძველზე შევძლებთ მუშაობასა და არა მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობების, არამედ მათი ქცევის გამოსწორებასაც", ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მათ ამერიკული მხარისთვის ასეთი შეკითხვით არ მიუმართავთ:

"ჩვენ არასდროს, არასდროს ასეთი კითხვა არ დაგვისვამს. ჩვენ გვაქვს ის გზავნილი, რაც საჯაროდაც განვაცხადეთ". - თქვა კობახიძემ.

ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, "აბა იტყუება რაბიო?" - კობახიძემ უპასუხა:

"არა ტყუილი რა შუაშია კაცო, ადამიანი როცა საუბრობს, შეიძლება თავისი ინტერპრეტაციით, რაღაც თქვას. მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არც მე, არც რომელიმე ჩემს კოლეგას ასეთი კითხვა არ დაგვისვამს. შეიძლება ადამიანი რომ საუბრობს, რაღაც ან ისე თქვას, ან ისე თქვას, მაგრამ მე გეუბნებით, რა იყო ფაქტი. ფაქტი არის ის რომ ჩვენ ასეთი კითხვა არასოდეს დაგვისვამს. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ განვიხილოთ ყველა დეტალი, რაც არის დაკავშირებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან. [...]

საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს, საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველგან" - თქვა კობახიძემ. 

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენისას სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ტრამპის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, თუ როგორ არის შესაძლებელი აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება, რის შემდეგაც, რუბიოს თქმით, აშშ-მ ქართულ მხარეს აცნობა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ამისთვის. მისი თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ქართული ოცნება ტრაექტორიას შეიცვლის.

კომენტარები