წინასაარჩევნო გარემო

ქართული ოცნება ენმ-ის საწინააღმდეგო აქციებზე: ჩვენთვის მიუღებელია ძალადობა

პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო გუშინ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამართული აქციების შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "დაუშვებელია საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიის ძალადობრივი მეთოდებით გამოხატვა".

"ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ჩვენს პრინციპებსა და იმ ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ.
ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელია ძალადობა. პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო ყოველთვის ღიად აფიქსირებდა და დღესაც აცხადებს, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სწორედ მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩავატაროთ არჩევნები, ისეთ გარემოში, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის უფლება და კანონის უზენაესობა", - ნათქვამია განცხადებაში.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ქართული ოცნების აქტივისტებმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქციის - "გაჩერებული საქართველო" ჩატარების საშუალება არ მისცეს. პარტიის ინფორმაციით, მოძრაობის რამდენიმე ლიდერს უნდა ეჩვენებინა ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონებში შეჩერებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. მათ ასევე, სურდათ, საზოგადოებისთვის გაეცნოთ 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ნაწილში.

თელავში, თბილისში, ანაკლიასა და წყალტუბოში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შეკრებილმა მოქალაქეებმა დაგეგმილი ღონისძიების ჩატარების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოსულ გიგი უგულავას კვერცხები ესროლეს.

უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წევრებს თელავში ძირითადად მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დაესხნენ თავს, წყალტუბოში - ქართული ოცნების პარტიული აქტივისტები და ქუთაისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ბათუმში - ნინო ბურჯანაძის პარტიის აქტივისტები და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლები, ანაკლიაში - ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების, ასევე ზუგდიდის ფოსტის თანამშრომლები.

"თბილისში კი, ჰაკიმ ფაშას თანასოფლელები", - აღნიშნავს ჯაფარიძე.

კომენტარები