უკრაინა

ლუგანსკში შეიარაღებულმა სეპარატისტებმა მძევლები გაათავისუფლეს

პოლიციის სპეცრზმი ხარკოვის ადმინისტრაციულ შენობასთან
euroradio.fm

უკრაინის აღმოსავლეთის ქალაქ ლუგანსკში შეიარაღებულმა ამბოხებულებმა, რომლებმაც უშიშროების განყოფილების შენობა დაიკავეს, დღეს გამთენიისას კიდევ ხუთი მძევალი გაათავისუფლეს.
ქვეყნის უშიშროების სამსახურის ცნობით, მათ 60-მდე სამოქალაქო პირი შენობაში მძევლად ჰყავდათ, მოლაპარაკებების შედეგად გასული ღამის განმავლობაში შენობა სულ 56-მა სამოქალაქო პირმა დატოვა.

შენობაში მყოფმა სეპარატისტებმა ვიდეომიმართვა ჩაწერეს. შეიარაღებული ნიღბიანი პირები აცხადებენ, რომ ისინი არა რუსეთის, არამედ ადგილობრივ მოქალაქეთა ინტერესებს წარმოადგენენ და რეფერენდუმს მოითხოვენ.

დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის შენობა კვლავ სეპარატისტების ხელშია. შენობაში ასეულობით შეიარაღებული ადამიანი იმყოფება. ცენტრალურ მოედანზე რუსეთის მხარდამჭერები ბარიკადებს აშენებენ და შტურმის მოსაგერიებლად ემზადებიან.

ქალაქ ხარკოვში სეპარატისტებისგან გათავისუფლებულ ადმინისტრაციულ შენობას შეიარაღებული სპეცრაზმელები იცავენ. მოედანზე შეკრებილი პრორუსი აქტივისტები არ იშლებიან და პერიოდულად შენობაში შეღწევას ცდილობენ.

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ დამნაშავეების წინააღმდეგ ხელისუფლება ძალას გამოიყენებს. ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, ხელისუფლება ადეკვატურად და მტკიცედ იმოქმედებს. "მათ წინააღმდეგ, ვინც ხელში იარაღი აიღო, კონტრტერორისტული მოქმედებები განხორციელდება", - განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული და სეპარატისტების წინააღმდეგ ოპერაცია 48 საათის განმავლობაში დასრულდება. თუმცა, მისი თქმით, არსებობს ვითარების მოლაპარაკებების გზით განმუხტვის შესაძლებლობაც.

კომენტარები