პატიმრის გარდაცვალება

ომბუდსმენი: სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მსჯავრდებულ ფარტენაძის უსაფრთხოება

radiotavisupleba.ge/

"სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ნებისმიერი მსჯავრდებულის უსაფრთხოება, მათი სიცოცხლე უნდა იყოს დაცული, რაც არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება. ამ შემთხვევაში კი, ეს ვალდებულება არ შესრულდა", - განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის გიგა ფარტენაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, გამოძიება ეფექტიანი იყოს.

"უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც რაღაც მონაწილეობა ჰქონდა ამ ტრაგედიაში", - თქვა ნანუაშვილმა.

4 მარტს სასჯელაღსრულების №14 დაწესებულებაში გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი მიიჩნევენ, რომ გიგა ფარტენაძე დაკვეთით მოკლეს და პატიმრები საკანში ციხის ადმინისტრაციამ განგებ შეიყვანა. ისინი სახალხო დამცველს ციხის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის შესწავლას სთხოვენ. 

გიგა ფარტენაძის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმე პროკურატურამ 26 მარტს გახსნილად გამოაცხადა. ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო შოთა შანიძის, ლევან მოისწრაფიშვილის და გიორგი სეხნიაშვილის მიმართ.

გამოძიების მტკიცებით, 2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით 02:20 საათზე, სასჯელაღსრულების დაწესებულების N14 დაწესებულების მეექვსე სარეჟიმო კორპუსის N322 საკანში განთავსებულ მსჯავრდებულებს - შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა ფარტენაძეს შორის არსებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, შოთა შანიძემ, გიორგი სეხნიაშვილმა და ლევან მოისწრაფიშვილმა, გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს, რა დროსაც მან გონება დაკარგა და წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებდნენ მის მიმართ ძალადობას, კერძოდ გულ-მკერდის, კისრისა და სახის არეში ხელებითა და ფეხებით სცემდნენ და ბეტონის იატაკზე არტყმევინებდნენ თავს.

"აღნიშნული ქმედება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს. გიგა ფარტენაძე გადაიყვანეს №14 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, სადაც გაწეული დახმარების მიუხედავად, იგი გონმოუსვლელად გარდაიცვალა. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადგენილია, რომ გიგა ფარტენაძის გარდაცვლების მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება, ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით. გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, მეექვსე ნაწილით, მეშვიდე ნაწილითა და მერვე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ათიდან ცამეტ წლამდე ვადით", - აცხადებს პროკურატურა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ომბუდსმენის აპარატი ფარტენაძისა და საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სხვა პატიმრების საქმეების შესწავლას განაგრძობს და დასკვნას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს.

კომენტარები