მაილი საირუსი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ნაინ ინჩ ნეილზ და აეროსმიტი მაისის და ივნისის თვეებში ჰელსინკიში კონცერტის გამართვას გეგმავენ, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთის წინააღმდეგ გატარებული სანქციების გამო, შესაძლოა, მომღერლებს ტურის გადადება მოუწიოთ, რადგან ჰელსინკის ჰარტვალის არენა, სადაც კონცერტები უნდა ჩატარებულიყო ამერიკის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვედრილ მილიარდერ ძმებს, როტენბერგებს, და როსნეფტის ნავთობმოვაჭრეს, ტიმჩენკოს, ეკუთვნის - წერს საინფორმაციო ინტერნეტპორტალი ბლუმბერგი.
ჰარტვალის არენის 50%-ის მფლობელი ტიმჩენკოა, 25-25%-ს კი ძმები როტენბერგები ინაწილებენ. სამივე მილიარდერს ორმაგი, რუსეთისა და ფინეთის მოქალაქეობა, აქვს.
20 მარტს თეთრმა სახლმა გამოსცა დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს პრეზიდენტი ობამა 20 რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ გატარებული სანქციების შესახებ. ამ დადგენილების მიხედვით სანქცირებულთა სიაში შესული ხალხი პუტინის ახლო გარემოცვად არის კვალიფიცირებული და ამერიკის მოქალაქეებს ეკრძალებათ მათთან ყველანაირი ბიზნესურთიერთობის წარმოება. სანქცირებულთა სიაში არის ჰარტვალის არენას სამივე თანამფლობელი.
იქიდან გამომდინარე, რომ ოთხივე მომღერლის, რომლის კონცერტიც არენაზე იყო დაგეგმილი, წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანიაა, ობამას მიერ ხელმოწერილი დადგენილებით მათ ეკრძალებათ ბიზნესის წარმოება არენას მფლობელებთან.
ჯასტინ ტიმბერლეიკი და მაილი საირუსი ფინეთს მსოფლიო მუსიკალური ტურნეს ფარგლებში უნდა ეწვიონ. მათი კონცერტების გადადება დაკავშირებულია ფინანსურ ზარალთან როგორც მათთვის, ასევე პრომოუტერული კომპანიისთვის Live Nation და ათასობით მომლოდინე მაყურებლის იმედგაცრუებასთან, რომელთაც სავარაუდოდ წარმოდგენა არ აქვთ ვინ ფლობს ჰელსინკის ჰარტვალის არენას - ნათქვამია ბლუმბერგის სტატიაში.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რეალურ ზარალს ნახულობენ არა პუტინი, ტიმჩენკო და როტენბერგები, არამედ პოპმუსიკოსები, პრომოუტერები და ფინელი მაყურებელი.





