პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის საქმის გამოძიება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა.
"ეს არის აღმაშფოთებელი მოვლენა. ყველა მოქალაქე უნდა იყოს მშვიდად დღისითაც და ღამით და პარლამენტის წევრის მიმართ მსგავსი მოქმედება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი შეშფოთების საბაბს იძლევა. საქმე არის გამოსაძიებელი რაც შეიძლება სწრაფად. ვიცი, რომ სრულიად სამართალდამცავი სისტემა არის მობილიზებული ამ საკითხებით. მე ვიცი, რომ პრემიერმინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანა ეს საკითხი და ჩართულია მის სათანადოდ მოგვარების საქმეში. ამოცანა არის ძალიან მარტივი სამართალდამცველი ორგანოებისთვის, დანაშაული უნდა გაიხსნას", - თქვა უსუფაშვილმა.
ნუგზარ წიკლაურს თავს 30 მარტს ღამით დაესხნენ. მისი თქმით, სახლთან სამი მანქანით 7-8 ნიღბიანი პირი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს. დეპუტატის განცხადებით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს.





