თავდასხმა ნუგზარ წიკლაურზე

უგულავა: პრემიერმა წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის პოლიტიზება ცინიკურად მოახდინა

ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავა დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. როგორც უგულავა აცხადებს, პრემიერმა აღნიშნული საკითხის პოლიტიზება ცინიკურად, მაგრამ დაუფარავად მოახდინა.

„ღარიბაშვილი შეეცადა, ეს თემა კვლავ ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირების კონტექსტში წარმოეჩინა. თქვა, რომ წინა წლებში ხდებოდა, როდესაც საქმეებს არ იძიებდნენ  და ის ამ გამოძიებას პირად კონტროლზე აიყვანს. მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ამა თუ იმ საქმის გამოძიებას პირად კონტროლზე აიყვანს, ასეთი გახლდათ 1 წლის ბავშვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საკითხი, რომელიც ამ ადამიანმა პრესტიჟის საქმედ გამოაცხადა და ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია“, - განაცხადა უგულავამ.

როგორც უგულავა ამბობს, წიკლაურზე თავდამსხმელები, დიდი ალბათობით, რომელიმე სპეცსამსახურს წარმოადგენდნენ.

„მე არ ვიკვებები იმ ილუზიებით, რომ ეს პროკურატურა, ეს ძალოვანი მთავრობა და ამ მთავრობის ძალოვანები ამ საქმეს გამოიძიებენ, ვინაიდან ყველა ირიბი თუ პირდაპირი ინდიკაციაა, რომ ეს სწორედ ორგანიზებული იყო ძალოვანი სტრუქტურების მიერ. გუშინ ღამე იშვიათი გამონაკლისი იყო, როდესაც დეპუტატი წიკლაური სახლში მარტო ბრუნდებოდა და თავდამსხმელებმა ეს იცოდნენ, ეს ნიშნავს, რომ მის ტელეფონს უსმენენ. შესაბამისად, მოქმედებები, ორგანიზებულობა, ელექტროშოკის თუ სხვა ხელსაწყოების გამოყენება, ასევე ის ფაქტი, რომ თავდამსხმელებმა ორგანიზებულად დატოვეს თავდასხმის ადგილი, მიუთითებს, რომ ისინი იყვნენ კარგად ორგანიზებული, გაწვრთნილი, შესაბამისად, ასრულებდნენ დავალებას და, დიდი ალბათობით, რომელიმე სპეცსამსახურს წარმოადგენდნენ“, - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, საქმეს ბევრი გამოძიება არ სჭირდება, რადგან ნუგზარ წიკლაურმა ერთ-ერთი მანქანის სახელმწიფო ნომერი დაასახელა და მისი იდენტიფიცირება და დაკავება აქამდე შესაძლებელი იქნებოდა. 

„ჩვენ, ბუნებრივია, პარლამენტის თავმჯდომარეს შესაბამის რეაგირებას ვთხოვთ, თუმცა აქაც ეჭვი გვეპარება, რომ მისი პოზიცია სიმართლის დადგენაზე რაიმე ზეგავლენას მოახდენს, მაგრამ ამავდროულად ყველა უწყებისგან გამოძიებას ვითხოვთ, როგორც კანონმორჩილი, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებელი პოლიტიკური ორგანიზაცია. თუ ეს გამოძიება არ იქნება უსწრაფესად დასრულებული, დამნაშავეები გამოვლენილი და კანონის შესაბამისად დასჯილები, ამ თავდასხმაზე არა მარტო პოლიტიკურ პასუხიმგებლობას, არამედ რეალურ პასუხისმგებლობას, როგორც დავალების მიმცემები, აიღებენ პირადად ბიძინა ივანიშვილი, ამ ქვეყნის დე ფაქტო მმართველი და დე იურე პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრს ნუგზარ წიკლაურს გვიან ღამით უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, სახლთან სამი მანქანით 7-8 ადამიანი დახვდა, რომლებმაც მისი გატაცება სცადეს და ამ მიზნით ელექტროშოკიც გამოიყენეს.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამართალდამცავებს საპარლამენტო უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„მე ინფორმაცია მოვისმინე ამ დილით. ეს არის, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელი, მე უკვე მოვუწოდე შესაბამის უწყებებს, რომ აღნიშნული საქმე დროულად გამოიძიონ“, - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ახალი მთავრობის პირობებში გამოძიებები არ ხდება.

„საქმეების გამოუძიებლობა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა, ასე წინასწარ დასკვნის გამოტანა არ იქნება სწორი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

 

 

 

 

კომენტარები