სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

ღარიბაშვილი: დღეს თუ ხვალ სააკაშვილს კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს

”მიხეილ სააკაშვილს დღეს თუ ხვალ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს”, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს ეშინია და მძიმე კითხვებს გაურბის.

"არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ეს ადამიანი კვლავაც უარს ამბობს პროკურატურის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული დაკითხვის წესზეც, ვგულისხმობ ვიდეოდაკითხვის ფორმას. მან კიდევ ერთხელ მოახდინა საკუთარი თავის ლუსტრაცია. ის უბრალოდ გაურბის საგამოძიებო ორგანოს მიერ დასმულ ამ მძიმე კითხვებს, რითაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ეჭვებს, არა მხოლოდ ჩვენს, არამედ მთლიანად ჩვენი საზოგადოების და მსოფლიო საზოგადოების ეჭვებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პროკურატურა კორექტული იყო და კანონის ფარგლებში იმოქმედა, ”თუმცა სააკაშვილმა თავიდანვე იგნორი გაუკეთა მას და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს შეურაცხყოფა მიაყენა”.

"როცა გამოძიება მივიდა იმ კონდიციამდე, რომ საჭირო გახდა ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა, კანონის ფარგლებში მოიწვია იგი, თუმცა სააკაშვილმა თავიდანვე იგნორი გაუკეთა მას და შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს. ამის შემდეგ პროკურატურამ დაკითხვის ალტერნატიული ფორმა შესთავაზა  და მან პროკურატურის შეთავაზებას იგნორი კიდევ ერთხელ გაუკეთა”, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ”ის რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში ხდებოდა, სწორედ პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა”.

”მინდა დავამშვიდო შეშინებული ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მას ძალიან ეშინია და ის ამ მძიმე კითხვებს გაურბის. მინდა დავარწმუნო იგი და მთლიანად საზოგადოება, რომ მას მოუწევს დღეს თუ ხვალ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, არა მხოლოდ ამ კითხვებზე, არამედ მას პასუხის გაცემა სხვა კითხვებზეც მოუწევს. ვინაიდან, ის რაც ხდებოდა ბოლო 9 წლის განმავლობაში, სწორედ პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა, სხვა თუ არაფერი, მოხდა 300 ათასი ადამიანის გასამართლება, ათასობით ადამიანს ბიზნესი, სახლები წაერთვა, უამრავი ადამიანი წამების მსხვერპლი გახდა. ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიხილეთ, ამაზე საუბარი იყო, თუმცა ამის მტკიცებულებები არ არსებობდა, იყო უამრავი გახმაურებული მკვლელობები, რომელზეც გამოძიება პასუხების მიღებას საჭიროებს”, - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, მან პროკურატურისგან მიიღო დასტური, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ბოლომდე მივა.

”ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ვართ თანმიმდევრული, თუნდაც იგივე ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით. ჩემთვის გაუგებარია, საიდან მომდინარეობს ეს ისტერიკა, რომელიც ნაციონალებმა წამოიწყეს. ისინი დაინტერესებული პირველ რიგში იმით უნდა იყვნენ, რომ გამოძიება მშვიდ გარემოში და გამჭვირვალედ წარიმართოს.

მე მაქვს სრული დასტური პროკურატურის მხრიდან, რომ ისინი გამოძიებას ბოლომდე მიიყვანენ და ყველა საეჭვო კითხვას პასუხი გაეცემა”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, მთავარ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე გუშინ, 13:00-ზე უნდა გამოცხადებულიყო. როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა რამდენჯერმე აღნიშნა, ის საქართველოში არ ჩამოვიდა. გუშინ საღამოს, მთავარმა პროკურატურამ მას ტექნიკური საშუალებებით, დისტანციური დაკითხვა შესთავაზა, რაზეც სააკაშვილმა ასევე უარი თქვა. საგამოძიებო უწყებას ყოფილ პრეზიდენტთან შეკითხვები ათ საქმეზე აქვს. 

კომენტარები