საქართველო-ევროკავშირი

პრემიერი: დადგა დრო, ევროკავშირმა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა

საქართველოს მთავრობა

"უკვე არაერთხელ, სხვადასხვა ტრიბუნიდან და, მათ შორის, ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან გაისმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა პოლიტიკური განცხადებები საქართველოს ევროპული არჩევანის, მისი საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. დღეს კიდევ ერთხელ სიამოვნებით გავიმეორებ, რომ ჩვენი პოლიტიკური ხედვა - აქტიური ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია - არის ევროპის სახელმწიფოთა ოჯახში დაბრუნების გზა, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე - "ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობები"
სიტყვით გამოსვლისას.

მისი განცხადებით, ევროპულ იდეას მხარს უჭერს ქართველი ხალხი და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია. ეს იდეა დღეს უკვე საერთო ეროვნულ იდეად იქცა. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაცია საქართველოსთვის შეუქცევადი პროცესია.

"ჩვენ, ხელისუფლებასაც და ხალხსაც კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ სწორედ ევროპაშია საქართველოს ადგილი. ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, ჩვენ გადავედით სრულიად ახალ ეტაპზე ევროკავშირთან ურთიერთობაში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ზუსტად ახლა დადგა დრო, ევროკავშირმა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რითაც გზას გაუხსნის ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში. დღეს უკვე სრულიად ნათელია, რომ, თუ ევროკავშირი არ მისცემს აღმოსავლეთის პარტნიორობის წარმატებულ ქვეყნებს გაწევრიანების მკაფიო დაპირებას, უკრაინის მსგავსი კრიზისები კვლავ იჩენს თავს. გამორიცხული არ არის, ასეთი კრიზისები უკონტროლო გახდეს და მთელი რეგიონიც კი მოიცვას.

მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ჩვენ მზად ვართ არა მარტო იმისთვის, რომ ვიყოთ ევროპის მეზობელი, არამედ მზად ვართ გავხდეთ ევროპული სამეზობლოს წევრი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედი. და ამისათვის ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ.

ჩვენ წამოვიწყეთ და განვახორციელეთ ძირითადი რეფორმები პოლიტიკის, ეკონომიკისა და მართლმსაჯულების სფეროებში, რომლებიც მიზნად ისახავს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და სოციალური უზრუნველყოფის განმტკიცებასა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვას.

ამ რეფორმების განხორციელებით ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. გარდა ძირეული დემოკრატიული რეფორმებისა, საქართველო სერიოზულ ნაბიჯებს დგამს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, ზოგადად ეკონომიკის ზრდის კუთხით.

ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, არის მთავარი გეგმა, რომლითაც ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოების გარდა, ეს შეთანხმება ეკონომიკური ინტეგრაციის უპრეცედენტო პერსპექტივას აძლევს ქვეყანას.

ჩვენ მივესალმებით ვილნიუსის სამიტზე გახსნილ ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ ამავე დროს კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომლებიც ამ პროცესს ახლავს თან და მზად ვართ გადავლახოთ ეს სირთულეები.

ამისათვის წამოვიწყეთ მთელი რიგი რეფორმები და დავსახეთ ღონისძიებები, რომლებიც აისახა საქართველოს მთავრობის პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მზად არის განახორციელოს თანამიმდევრული რეფორმები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში, რათა ქვეყანამ მიიღოს მაქსიმალური სარგებელი", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი და მდიდარი ბაზრის - ევროკავშირის ბაზრის წვდომა მძლავრი იმპულსი იქნება ქართული ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების, ექსპორტის დივერსიფიცირებისა და განვითარებისთვის.

"მჯერა, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს მიმზიდველობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუს შემოსვლას, კონკურენტუნარიანი ადგილობრივი პროდუქციის გაჩენის სტიმულირებასა და სამუშაო ადგილების შექმნას. ამ შეთანხმების ხელმოწერით საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა ითანამშრომლოს ევროპის ქვეყნებთან ისეთ საკითხებში, როგორიცაა მდგრადი განვითარება, ტრანსპარანტულობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული ენერგეტიკის საკითხები. მომსახურებით ვაჭრობის სფეროში კანონმდებლობის დაახლოება შესაძლებლობას იძლევა განხორციელდეს მომსახურების ბაზრების შემდგომი ლიბერალიზაცია, რაც ითვალისწინებს ქართული კომპანიებისათვის ევროკავშირის შესაბამის ბაზრებზე დაშვების უკეთესი პირობების მიღებას", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში მოქმედი რეგულაციების საქართველოში დანერგვა ადვილი არ იქნება, თუმცა ეს პროცესი იმ სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციისათვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომლებიც სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში არიან ჩართული.

"ეტაპობრივად უნდა მოხდეს მათი ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება, რაც ხელს შეუწყობს უფრო პროგნოზირებადი ეკონომიკური და ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას. იმედს გამოვთქვამ, რომ როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებები სათანადოდ გამოიყენებენ ამ ახალ რეალობებს. და რაც ყველაზე მთავარია, ეს სიკეთესა და კეთილდღეობას მოუტანს როგორც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, ისე ქართულ ბიზნესს. ჩვენ მზად ვართ, უფრო ინტენსიურად გავაგრძელოთ რეფორმების გატარება და შევქმნათ მყარი საფუძველი ასოცირების შესახებ შეთანხმების განსახორციელბლად. ამასთანავე, ჩვენ მზად ვართ, დროულად დავასრულოთ „ასოცირების დღის წესრიგის" შემუშავება. გვჯერა, რომ ამ საქმეში სათანადო მხარდაჭერას მოვიპოვებთ ევროკავშირის მხრიდან", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს დღევანდელი ამოცანაა ასოცირების შესახებ შეთანხმების დროული ხელმოწერა.

"როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მეგობრები გვპირდებიან, სულ მალე, რამდენიმე თვეში დადგება ის დრო, რომელსაც ასე ელის ქართველი ხალხი - საქართველო ხელს მოაწერს თავის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას. ჩვენი მხრივ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად. მე ახლახან დავბრუნდი ევროპიდან, სადაც შეხვედრები მქონდა ბატონ ბაროზოსთან და ბატონ რომპეისთან. მათ ჩემთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს არაუგვიანეს ივნისისა", - თქვა პრემიერმა.

კომენტარები