ერთ–ერთმა უდიდესმა თანამგზავრულმა ოპერატორმა SES-მა 22 მარტს დედამიწის ორბიტისკენ ახალი, მძლავრი სატელიტი გაამგზავრა, რომელიც საქართველოსა და მთელი რეგიონის მოხმარებაზეა გათვლილი. სატელიტი ფრანგული გვიანას ქალაქ კურუში მდებარე „გვიანას კოსმოსური ცენტრიდან“ გაუშვეს. სატელიტის გაშვებას SES-ის პარტნიორი ორგანიზაციის, Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი გუგა სულხანიშვილიც დაესწრო.
მიწისზედა ანალოგური ტელემაუწყებლობა, რომლითაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დღეს სარგებლობს, 2015 წლის 17 ივნისისათვის მთელ ევროპაში გაითიშება. ევროპის ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო მთლიანად ციფრულ მაუწყებლობაზე გადაინაცვლებს. მთელს საქართველოში ასობით მაღალი გარჩევადობის არხის მიღება SES-ის კუთვნილი სატელიტის მიერ მოწოდებული თანამგზავრული მაუწყებლობის საშუალებით გახდება შესაძლებელი.





