აგრუნის საქმე

აგრუნის პრივატიზებისას სახელმწიფო ქონების შესახებ კანონი არ დარღვეულა

აგრარული უნივერსიტეტის ქონების პრივატიზებისას სახელმწიფო ქონების შესახებ  კანონი არ დარღვეულა, - აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე.

მისი თქმით, ცოდნის ფონდმა, რომელმაც უნივერსიტეტი შეიძინა, ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება სრულად შეასრულა. ამიტომ, გოცირიძისთვის გაუგებარია, მთავარი პროკურატურა უნივერსიტეტის პრივატიზების საკითხით, რატომ დაინტერესდა.

ხელშეკრულების თანახმად, საპრივატიზაციო პირობის შესრულების დადასტურების მიზნით, მყიდველი ვალდებული იყო, სახელმწიფოს მიერ აღიარებული ერთერთი აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა გამყიდველისთვის  წარედგინა.

დოკუმენტის შეტანიდან 5 დღის ვადაში გამყიდველს პირობის სრულად, ან ნაწილობრივ შესრულება  წერილობით უნდა დაედასტურებინა. ცოდნის ფონდმა აუდიტორული დასკვნა ეკონომიკის სამინისტროში 24 იანვარს შეიტანა.

‘‘ნაცვლად იმისა, რომ დაედასტურებინათ, ან შენიშვნები მოეცათ, მთავრობამ ფინანსური პოლიციის მეშვეობით ფაქტობრივად ბრძოლა გამოგვიცხადა,’’- ამბობს ლაშა გოცირიძე.

საქართვლოს ეკონომიკის სამინისტრომ და ცოდნის ფონდმა ხელშეკრულება 2012 წელს გაფორმეს. ხელშეკრულების მიხედვით, ცოდნის ფონდმა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის საკუთრებაში არსებული 60 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და 60 ათასამდე კვადრატული მეტრი ფართობის შენობა 5.2 მილიონ აშშ დოლარად (დაახლოებით 9 მილიონ ლარად) შეიძინა. ამას გარდა, მან 2 წლის განმავლობაში  8 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. როგორც ფონდის დამფუძნებელი, კახა ბენდუქიძე ამბობს, ფონდმა 11 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამასთან,  სამეცნიერო კვლევების გრანტებსა და უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში დამატებით 5 მილიონი ლარი ჩაიდო. გარდა ამისა,  ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობაც შენარჩუნდა, რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტს პროფილი არ უნდა შეეცვალა.

განათლების ყოფილი მინისტრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ აგრარული უნივერსიტეტის გასხვისება იმ პოლიტიკის ნაწილი იყო, რასაც სახელმწიფო 2011 წლიდან მოყოლებული ახორციელებდა.  დეკანოიძე აქცენტს იმ პროგრესზე აკეთებს, რომელიც უნივერსიტეტმა რეფორმების შედეგად განიცადა: 2012 წელს ჩარიცხული აბიტურიენტების საშუალო ქულების რეიტინგის მიხედვით, საქართველოში მოქმედ 60 უნივერსიტეტს შორის აგრარული უნივერსიტეტი (რომელიც 30-ე ადგილს იკავებდა) მე-6 პოზიციაზე დაწინაურდა.

კომენტარები