აგრარული უნივერსიტეტი

კახა ბენდუქიძე დაკითხვაზე იმყოფება

tabula.ge

თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელს კახა ბენდუქიძეს მთავარ პროკურატურაში კითხავენ. პროკურატურასთან მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილები - მათ შორის, უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები.

"ამ საქმეს არანაირი იურიდიული შინაარსი არ აქვს. მთავრობის დისკრეციაა, პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში, ქონებას ერთ ლარად გაყიდის, ას ლარად თუ ნებისმიერ ფასად. შემრცხვა, რომ პროკურორმა ასეთი დასკვნა მოამზადა" - თქვა ბენდუქიძემ დაკითხვაზე შესვლამდე.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მხარდასაჭერად, მთავარ პროკურატურასთან რამდენიმე დეპუტატიც მივიდა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის თქმით, "ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი კახა ბენდუქიძის წინააღმდეგ ასავალ-დასავალის კამპანიას აწარმოებს". დეპუტატი აღნიშნავს, რომ ივანიშვილს არ აწყობს საქართველოში ისეთი პროგრესული უმაღლესი სასწავლებლის არსებობა, როგორიც აგრარული უნივერსიტეტია.

აგრარული უნივერსიტეტის საქმეზე პროკურატურა განათლების ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინსაც კითხავს. შაშკინი საგამოძიებო უწყებაში უკვე გამოცხადდა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურის განცხადებით,  საქმე ეხება "საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის" ბალანსზე რიცხული უძრავის ქონების პრივატიზებას. უწყების განმარტებით, ბენდუქიძე მოწმის სახით დაიბარეს.

ამასთან, გუშინ გვიან ღამემდე კითხავდნენ აგრარული უნივერსიტეტის რექტორს ლაშა გოცირიძეს.

კომენტარები