გიგი უგულავას საქმე

პროკურატურა უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას არ მოითხოვს

გიგი უგულავას Facebook-ის გვერდი

პროკურატურა არ აპირებს გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენოს. როგორც თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა განაცხადა, საგამოძიებო უწყების პოზიციაა, რომ უგულავასთვის პატიმრობა არ მოითხოვოს.

“ჩვენ გვესმის გიგი უგულავას ეიფორიული მდგომარეობა და ის განცდები, რომელიც მას პროცესის დაწყებამდე ჰქონდა. თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მთავარი პროკურატურა არ აპირებს მოითხოვოს უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლა”, - თქვა სონღულაშვილმა.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიგი უგულავა ვარაუდობს, რომ პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების დამძიმებას შეეცდება და წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. როგორც უგულავა აღნიშნავს, ამ ვარაუდის საფუძველს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის მალხაზ კაპანაძის მიერ შედგენილი ოქმი აძლევს. აღნიშნულ ოქმში ნათქვამია, რომ "2014 წლის 6 მარტს, 15:00 საათზე ბრალდებული გიორგი უგულავა უნდა გამოცხადებულიყო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მასთან საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით". თუმცა, როგორც აქვეა ნათქვამი, "უგულავამ 2014 წლის 5 მარტს 04:34 საათზე, თბილისის აეროპორტის გავლით დატოვა საქართველოს ტერიტორია და გაფრინდა თურქეთის მიმართულებით". ოქმში აღნიშნულია, რომ პროკურორი ბრალდებულის ადვოკატ ბექა ბასილაიას 5 მარტს, 22:00 საათზე დაუკავშირდა და აცნობა, რომ უგულავა 6 მარტს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უნდა გამოცხადებულიყო.

"მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს განჩინებით ბრალდებულ გიორგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული აქვს გირაო და 2014 წლის 8 იანვრის სათანადო ოქმით იგი გაფრთხილებულია იმის თაობაზე, რომ თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, გიორგი უგულავამ მაინც დატოვა საქართველოს ტერიტორია", - წერია პროკურორის ოქმში.

როგორც უგულავა აღნიშნავს, ამ ოქმიდან ჩანს, რომ სასამართლოს სხდომაზე პროკურატურა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების დამძიმებას შეეცდება.

"როგორც ამ ოქმიდან ჩანს, მთავრობა და პროკურატურა 12 მარტს ჩანიშნულ სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე კვლავ შეეცდებიან ჩემს მიმართ აღკვეთის ღონისძიების დამძიმებას, ანუ მოითხოვენ წინასწარ პატიმრობას. (მათი საქმეა, ვერ დაუშლი. ამას არც პირველად ჩადიან და ალბათ არც უკანასკნელად). ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ჩემი "გამოძიებასთან ართანამშრომლობის" მაგალითად ამ ოქმში მითითებულია, რომ 6 მარტს არ გამოვცხადდი პროკურატურაში. საქმე იმაშია, რომ პროკურორმა ადვოკატს 5 მარტს 22 საათზე აცნობა ამის შესახებ და იქვე ცინიკურად ოქმში მიუთითებს, რომ მე 5 მარტს დილით გავემგზავრე დუბლინში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) კონგრესში მონაწილეობის მისაღებად და, შესაბამისად, 6 მარტს ფიზიკურად ვერ ვიქნებოდი თბილისში. თავი დავანებოთ იმ გარემოებას, რომ პროკურატურას თვეები ჰქონდა ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებისთვის, ასევე იმ ფაქტს, რომ თუ ასე აუცილებელი იყო ჩემი გამოცხადება, საზღვარზე შეეძლოთ ეცნობებინათ და ბოლო-ბოლო არ გავეშვი. ყველა სიკეთესთან ერთად, როგორც ჩანს, ჩვენს პროკურატურას გეოგრაფიაშიც უჭირს, რადგან პირი ასეთ მცირე დროის ინტერვალში დუბლინიდან თბილისში ვერანაირად ვერ მოხვდება", - აღნიშნავს უგულავა.

უგულავა "პროკურატურის გასაგონად" აცხადებს, რომ მიმალვას არ აპირებს. მისივე თქმით, "ამ სიამოვნებას ივანიშვილსა და ღარიბაშვილს ვერ მიანიჭებს".

გიგი უგულავას 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე. ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის მერისთვის უფლებამოსილების შეჩერება და პატიმრობა მოითხოვა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. თუმცა, სასამართლომ უგულავას უფლებამოსილება შეუჩერა და გირაო - 50 000 ლარი დააკისრა.

კომენტარები