რუსეთის ეკონომიკა

რუსული რუბლი უფასურდება

Ilya Pitalev / RIA Novosti

რუსული რუბლის კურსმა ევროსა და დოლართან მიმართებით 2008 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა. ბლუმბერგის ოფიციალური მონაცემებით, 1 ევრო 50 რუბლზე მეტი ღირს. რუსული რუბლი 2014 წელს ევროსა და დოლართან მიმართებით 8%-ით დაეცა. 2008 წლისგან განსხვავებით, როდესაც ბარელი ნავთობის ფასი 40 ამერიკულ დოლარზე ქვემოთ იყო, წელს ნავთობის ფასი სტაბილურად 105 - 107 ამერიკული დოლარია, აქედან გამომდინარე, რუბლის ვარდნის განმაპირობებლად ნავთობის ფასის ვარდნა არ განიხილება. ვალუტის სიმყარის სხვა განმსაზღვრელი ფაქტორებიც, როგორიც არის ბიუჯეტი და სავაჭრო ბალანსი (სხვაობა შემომავალ და გამავალ ინვესტიციებს შორის), რუსეთში 2013 წლის მონაცემებით საკმაოდ მყარია. საქმე არ გვაქვს ბიუჯეტის დეფიციტთან და ნავთობის გაყიდვების ხარჯზე სავაჭრო ბალანსიც დადებითია.

ამ ფონზე, რუბლის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად რუსი ეკონომისტი, სერგეი ალეკსაშენკო, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ასახელებს. არასტაბილური პოლიტიკური კლიმატი ნიშნავს არასაიმედო ინვესტიციას რუსულ კაპიტალში. უახლოეს დღეებში რუბლი კიდევ უფრო გაიაფდება, ვარდნას განიცდის საფონდო ბირჟაზე არსებული ინდექსებიც. მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი MICEX, 3 მარტის მონაცემებით, წინა დღესთან შედარებით 126 ერთეულით (9%) დაეცა. 

რუსეთთან ასოცირებული პოლიტიკური რისკი, სავაურაუდოდ, კიდევ უფრო იმატებს. ეს გამოიწვევს კაპიტალის გადინებას ქვეყნიდან, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო გააუფასურებს რუსულ რუბლს; სავარაუდოა, რომ კიდევ უფრო მეტი სისწრაფით, ვიდრე მოცემულ მომენტში - მოსაზრება გამოთქვა ალეკსაშენკომ ერთ-ერთ რუსულ ტელეარხთან ინტერვიუში.

რუსეთის ალფა ბანკის მთვარმა ეკონომისტმა, ნატალია ორლოვამაც გააკეთა კომენტარი რუბლის ვარდნასთან დაკავშირებით. ორლოვამ განაცხადა, რომ კერძო კომპანიები და რიგითი მომხმარებლები უფრო და უფრო მეტ კაპიტალს აბანდებდნენ უცხოურ ვალუტაში. მხოლოდ იანვარში, რუსეთის მასშტაბით, უცხოურ ვალუტაში გახსნილმა დეპოზიტებმა 12 მილიარდი ამერიკული დოლარით იმატა (როდესაც 2013 წლის განმავლობაში წლიური მატება მხოლოდ 23 მილიარდი დოლარი იყო).

საერთო სურათში, 2013 წლის მონაცემებით, რუსეთის ეკონომიკა მხოლოდ 1.3%-ით გაიზარდა, საერთაშორისო ფონდებისა და ინვესტორების მიერ პროგნოზირებული 3.5%-ის ნაცვლად. რუსეთის მთავრობა და პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კიდევ უფრო ოპტიმისტურ, 5%-იან ზრდას ელოდნენ.

კომენტარები