ერთმა პარტიამ არ უნდა მართოს ყველაფერი, დღეს კი საქართველოს ერთი ადამიანი მართავს - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ყრილობაზე, ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩეულმა გიგი უგულავამ განაცხადა.
"ჩვენ ხშირად გვაკრიტიკებდნენ სიძლიერისთვის, რომ ყველა არჩევნებში ვიმარჯვებდით. კრიტიკა სამართლიანია. ერთმა პარტიამ არ უნდა მართოს ყველაფერი, მაგრამ დღეს ყველაფერს მართავს ერთი ადამიანი. ადამიანი, რომელიც გაექცა პასუხისმგებლობას და შეინარჩუნა ძალაუფლება, ახლა კი მარიონეტების ჩასმას აპირებს მერებად და საკრებულოების თავმჯდომარეებად" - განაცხადა უგულავამ.
უგულავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მერაბიშვილი და ახალაია, ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტპატიმრები არიან.
"მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა ჩვენს მეგობარს, მათ ვინც ივანიშვილის ხელისუფლებამ პოლიტიკურ პატიმრად აქცია. მივესალმები ჩვენი პარტიის გენერალურ მდივანს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას, ჩვენი მთავრობის სხვა წევრებს, რომლებიც პოლიტიკურ დევნაში იმყოფებიან. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის ადამიანები, ვინც დღეს კენჭს იყრიან საბჭოში და სასამართლოში უწევთ ყოფნა" - განაცხადა უგულავამ.
უგულავამ ასევე განმარტა, თუ რატომ არ იყრის თბილისის მერობაზე კენჭს და აღნიშნა, რომ თბილისს ახალი სისხლი და ხედვა ჭირდება.
"მთავრობას გამოუცდელი, შეუფერებელი და ბევრისთვის შეურაცხმყოფელი კანდიდატი ჰყავს. შესაბამისად, ჩემი გამარჯვება ლოგიკური და რეალურია, მაგრამ თბილისის მერობაზე არ ვიყრი კენჭს, რადგან ღრმად მწამს, რომ ერთი და იგივე ადამიანი არ უნდა იყოს ერთ პოსტზე მიჯაჭვული. 10 წელი საკმარისია, ყველაფერს სჭირდება განახლება, ახალი სისხლი და ახალი თვალი. ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის მონაწილე კანდიდატებს ვენდობი, ორივე ენერგიულ, გამბედავ და პრინციპულ ადამიანად მიმაჩნია და როგორიც არ უნდა იყოს არჩევანი, მე მზად ვარ, მათთან ერთად ვიბრძოლო გამარჯვებისთვის" - განაცხადა უგულავამ.





