იანუკოვიჩის პრესკონფერენცია

იანუკოვიჩი: ყირიმი უკრაინის სახელმწიფოს შემადგენლობაში უნდა დარჩეს

„მე, როგორც უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, მინდა განვაცხადო, რომ ყირიმი უკრაინის სახელმწიფოს შემადგენლობაში უნდა დარჩეს, თუმცა ფართო ავტონომიის შენარჩუნება აუცილებელია“, - განაცხადა დონის როსტოვში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა. მან ყირიმის მოსახლეობას სთხოვა, რომ სისხლისღვრა არ დაუშვან.

პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას - რუსეთის ფედერაციას სამხედრო მხარდაჭერის თხოვნით მიმართავს თუ არა, იანუკოვიჩი პასუხობს, რომ ასეთ ვითარებაში ნებისმიერი სამხედრო მოქმედება დაუშვებელია. „სამხედრო მხარდაჭერისთვის მიმართვას არ ვაპირებ. უკრაინა ერთიანი და განუყოფელი უნდა დარჩეს“, - ამბობს იანუკოვიჩი.

ექსპრეზიდენტმა ყირიმში შექმნილი ვითარების შეფასებისას აღნიშნა, რომ ყირიმელებს არ სურთ, ნაციონალისტებს დაემორჩილონ. „უბრალო ხალხის სურვილი აბსოლუტურად გასაგებია. რაზმებს, რომლებიც ამჟამად ყირიმში იქმნება, თავიანთი სახლებისა და ოჯახების დაცვა სურთ“, - აღნიშნავს იანუკოვიჩი.  

კომენტარები