იანუკოვიჩის პრესკონფერენცია

იანუკოვიჩი: მე არ გამიცია არანაირი სროლის ბრძანება

Ukraine's President Viktor Yanukovich attends a signing ceremony with his Kazakh counterpart Nursultan Nazarbayev in Kiev
Gleb Garanich / REUTERS

დონის როსტოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ მას მომიტინგეებისთვის სროლის ბრძანება არ გაუცია.

"მე არ გამიცია არანაირი სროლის ბრძანება. მილიცია იყო უიარაღო ბოლო მომენტამდე, სანამ მილიციის მისამართით არ დაიწყეს სროლა და ისიც არ შეიარაღდა", - განაცხადა უკრაინის ექსპრეზიდენტმა. იანუკოვიჩმა ასევ გამოხატა გაკვირვება, რატომ დუმს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. როცა ექსპრეზიდენტი პასუხობდა კითხვას, რა როლი შეიძლება ითამაშოს მოცემულ სიტუაციაში რუსეთმა, იანუკოვიჩმა უკრაინა და რუსეთი ერთმანეთში აურია: "უკრაინა - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იყო, არის და იქნება - ისტორიული კავშირების გამო და ა.შ.", - განაცხადა დონის როსტოვში გაქცეულმა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა.

იანუკოვიჩი ფიქრობს, რომ ევროპელმა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც უკრაინის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებას, რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად, ხელი მოაწერეს, ის მოატყუეს და მათ მიცემული გარანტიები უნდა შეასრულონ. "არა მხოლოდ მომატყუეს, მომატყუეს ცინიკურად. არა მხოლოდ მე მომატყუეს, მოატყუეს უკრაინელი ხალხი", - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

"მსურს მოვისმინო ხელისმომწერთა პასუხი, რომლებიც გამოვიდნენ შეთანხმების გარანტებად. მე არ მომისმენია მათგან არცერთი წინადადება. ჩვენ არ გვქონია არცერთი სატელეფონო კავშირი", - განაცხადა იანუკოვიჩმა. იანუკოვიჩი არ აპირებს 25 მაისის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რადგან მას არალეგიტიმურად მიიჩნევს და თავს კვლავ პრეზიდენტად აცხადებს.

კომენტარები