გეგუთის ციხე

სახალხო დამცველის აპარატმა გეგუთის ციხეში არაგეგმიური მონიტორინგი დაიწყო

სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #14 (გეგუთის) დაწესებულების არაგეგმიური მონიტორინგი დაიწყეს. ომბუდსმენის განცხადებით, გადაუდებელი მონიტორინგის აუცილებლობა ბოლო დროს გეგუთის ციხეში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია.

"სახალხო დამცველის რწმუნებულები ზედმიწევნით შეისწავლიან მსჯავრდებულთა საჩივრებსა და მათ საცხოვრებელ პირობებს. მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისა და მასმედიისთვის ახლო მომავალში გახდება ცნობილი", - აცხადებს სახალხო დამცველი.

ამასთან, დღეს ომბუდსმენმა გეგუთის ციხეში მსჯავრდებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყება მთავარ პროკურატურას სთხოვა.

ცნობისთვის, გეგუთის კოლონიაში დაახლოებით 800 პატიმარი 7 დღის განმავლობაში შიმშილობდა. 46-მა მათგანმა სხეულის თვითდაზიანებაც მიიყენა, რის გამოც მათი კლინიკებში გადაყვანა გახდა საჭირო. მსჯავრდებულების მტკიცებით, პროტესტი გეგუთის კოლონიაში ორი პატიმრის ცემის გამო დაიწყეს. ისინი ციხის ადმინისტრაციის შეცვლას და დასჯას ითხოვდნენ.

შიმშილობის პარალელურად, ციხესთან პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ შეკრებილები. სასჯელაღსრულების მინისტრი გეგუთის ციხეში განვითარებულ მოვლენებს და ციხესთან მიმდინარე საპროტესტო აქციებს "ძველი ბიჭების ძმაკაცებს" უკავშირებდა. სოზარ სუბარის თქმით, გამოძიება დაწყებულია და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანებს გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ და ციხეში შეჭრას ცდილობდნენ, გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ.

კომენტარები