თბილისის ბიუჯეტი

ქავთარაძე: უმრავლესობა ბიუჯეტს დაუჭერს მხარს, თუ თბილისის მთავრობა გადადგება

საკრებულო

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის მიხეილ ქავთარაძის თქმით, საკრებულოს უმრავლესობა ბიუჯეტის პროექტს იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ თბილისის მთავრობა გადადგება.

ქავთარაძემ საკრებულოს უმცირესობის შეთავაზებაზე თქვა, რომ ეს ინიციატივა მათთვის სიურპრიზია. თუმცა, უმცირესობისაგან შეთავაზებულ ყველა ვარიანტს კოლეგებთან ერთად განიხილავს. ქავთარაძემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პროექტის შედგენას თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი მოსახლეობასთან ერთად გეგმავდა, ახლა კი ბიუჯეტის შედგენა ისევ საკრებულოს დაუბრუნდა.

ქავთარაძემ აღნიშნა, რომ რეგლამენტის მიხედვით, კანონი მათ ბიუჯეტის პროექტში შენიშვნების შეტანის შესაძლებობას აძლევს.

"ბიუჯეტს პროექტს უნდობლობა მესამედ გამოვუცხადეთ. ამიტომ ჩვენ შევადგინოთ ბიუჯეტი და სევდია უგრეხელიძემ და მისმა გამგებლებმა ხარჯონ იგი. მე როგორც სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, ნამდვილად არ მივიღებ ამაში მონაწილეობას. არანაირად არ მივცემთ საშუალებას ბიუჯეტი ხარჯონ. კარგად ვიცი, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ბიუჯეტი მივიღოთ. ქალაქს ნამდვილად უნდა ჰქონდეს ბიუჯეტი, მაგრამ გიგი უგულავას მიერ დანიშნულ მთავრობას უნდობლობას ვუცხადებთ, გადადგნენ თანამდებობებიდან და შემდეგ დავამტკიცებთ ბიუჯეტს. დაინიშნოს ტექნიკური მთავრობა საკრებულოსთან შეთანხმებით, რომელსაც საზოგადოება ენდობა", - აღნიშნა მიხეილ ქავთარაძემ.

ქავთარაძის თქმით, ბიუჯეტის 1/12 არის 60 მილიონი და თბილისისთვის ყოველთვიურად ეს თანხა პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისია.

საკრებულოს უმცირესობამ უმრავლესობას დღეს შესთავაზა, რომ თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი თავად უმრავლესობამ დაწეროს. უმცირესობის სახელით განცხადება საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - რეფორმატორების თავმჯდომარემ თემურ გრიგალაშვილმა გააკეთა.

გრიგალაშვილის თქმით, საკრებულოს უმცირესობა მოუწოდებს საკრებულოს თავმჯდომარეს და ქართული ოცნების უმრავლესობას, იმისთვის, რომ ბიუჯეტი დამტკიცდეს და დედაქალაქი კვლავ არ დარჩეს ბიუჯეტის გარეშე, თავად შეიმუშაონ უმრავლესობისათვის სასურველი ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც უმცირესობა სხდომაზე მხარს დაუჭერს. გრიგალაშვილის განმარტებით, ეს პროექტი მერიისთვის შესასრულებლად სავალდებულო იქნება.

"თუ უმრავლესობა შეძლებს ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი წერილობით წარუდგენს თბილისის მერიას ბიუჯეტის იმ გონივრულ ვარიანტს, რომელსაც თავად დაუჭერენ მხარს, საკრებულოს უმცირესობა მზადაა მხარი დაუჭიროს ბიუჯეტის დამტკიცებას ხმათა 2/3-ით, იმისთვის, რომ კიდევ უფრო არ გამწვავდეს ის პრობლემები, რის წინაშეც აღმოჩნდნენ თბილისელები ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო", - აღნიშნა გრიგალაშვილმა.

გრიგალაშვილის თქმით, უმცირესობისთვის უმნიშვნელოვანესია დედაქალაქს ჰქონდეს ბიუჯეტი. მან აღნიშნა, რომ 11 მარტამდე ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია, დედაქალაქში თვითმმართველობა გაუქმდეს და ფედერალური მმართველობა ჩამოყალიბდეს. მისი თქმით, საკრებულოს თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი და ხელისუფლებაში ყოფნა რამდენიმე თვით უმთავრესი არ არის, უმთავრესია დედაქალაქის ბიუჯეტის მიღება.

თბილისის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში ორჯერ ჩავარდა - გასული წლის 29 დეკემბერს და მიმდინარე წლის 12 თებერვალს.

კომენტარები