საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

ბოკერია: თუ ზაქარეიშვილისთვის გრისტის დანიშვნა ნორმალურია, ეს პრობლემაა

ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია პაატა ზაქარეიშვილის იმ ნათქვამს ეხმაურება, სადაც მინისტრი ამბობს, რომ რაიან გრისტის შეცდომა მხოლოდ ეუთოს სტანდარტების დარღვევა იყო და გრისტმა თქვა საჯაროდ ის, რაც არ უნდა ეთქვა საჯაროდ. ბოკერიას თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები მათი "სამარცხვინო საქციელების" გასამართლებლად ფსევდოარგუმენტებს იგონებენ.

"არ მაკვირვებს ის, რომ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები იგონებენ ხოლმე ფსევდოარგუმენტებს მათი სამარცხვინო საქციელის გასამართლებლად და ეს კიდევ ერთი მაგალითია ბატონი ზაქარეიშვილის მხრიდან. გვახსოვს, როგორ ამართლებდა ხელისუფლება საოკუპაციო ხაზის გადმოწევას და ამბობდა, რომ ეს სოჭის ოლიმპიადის ბრალია. აქაც არის ეს მცდელობა, რომ ეს ადამიანი[გრისტი], რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა, იქნას გამართლებული.

რაიან გრისტის საქციელი - დარღვევა წესების, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა, სადაც ჩვენდა გასაოცრად რუსეთის ჯარებმა ის გაუშვეს, დაპირისპირება და კონფლიქტი მისიის ხელმძღვანელთან, შემდეგ აბსოლუტურად შეუთანხმებელი ცილისმწამებლური განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი სოფლები არ იყვნენ თავდასხმის ქვეშ - თუ ბატონი ზაქარეიშვილი ამ ყველაფერს ნორმალურად მიიჩნევს და ასეთი პირის დანიშვნის მომხრეა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, როგორ სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს დღევანდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში საქმე.

თუ ეს ხელისუფლება თვლის, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებადი სოფლები, ჩვენი მოსახლეობა არ იყო თავდასხმის ქვეშ, თუ ავიწყდება და უნდა დაივიწყოს, რომ ქართველი მშვიდობისმყოფელები დაიღუპნენ დაბომბვისას და ბატონი გრისტი იყო მთავარი კომუნიკატორი იმ იდეის, რომ ეს იყო მოგონილი მიზეზით განხორციელებული ოპერაცია საქართველოს ხელისუფლებიდან, ეს ღიად უნდა განაცხადონ კიდევ ერთხელ. ეს ღიად გვაჩვენებს, რომ ძალიან დიდ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ახალი ხელისუფლების, ახალი გუნდის ხედვაზე ვსაუბრობთ საქართველოს სუვერენიტეტის და რუსული აგრესიის საკითხებთან მიმართებაში", - თქვა ბოკერიამ.

დღეს პაატა ზაქარეიშვილმა გრისტის გარშემო ატეხილი ხმაური ნაციონალური მოძრაობის "ისტერიკას" დაუკავშირა. ბოკერიას თქმით კი, "პანიკა არ ყოფილა, იყო ამ ფაქტის შეფასება და იმედის გამოთქმა და ახლაც ვიმეორებ და იმედს გამოვთქვამ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიღებს იმ ზომებს, რაც საჭიროა ასეთ შემთხვევაში."

ბოკერიამ ზაქარეიშვილის იმ ნათქვამზეც გააკეთა კომენტარი, სადაც მინისტრი ამბობს, რომ წინა ხელისუფლებამ რაიან გრისტს უფლება მისცა, ომის შემდეგ საქართველოში სხვა მისიაში ემუშავა და დაუდასტურა ქვეყანაში მუშაობისა და ცხოვრების უფლება.

"რაც შეეხება გრისტი, როგორც კერძო პირი, არ ყოფილა შეზღუდული აქამდე გადაადგილებაში, მით უმეტეს მისი ოჯახის წევრი იყო დიპლომატიური სტატუსის მქონე. აქ პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს, ხვალ და ზეგ ბატონი გრისტი ჩამოვა თუ არა საქართველოში, აქ პრობლემა მდგომარეობს, მისი ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნაში.

გრისტი გათავისუფლებულ იქნა ეუთოდან და ის იყო კერძო მოქალაქე. და თუ ამ სტატუსით მოგზაურობდა საქართველოში, ეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. არიან ქვეყნები, მაგალითად, ჩვენი ჩრდილოეთის მეზობლებიც, რომლებიც არასასურველ პირებს საერთოდ არ უშვებენ არასოდეს ქვეყანაში, ჟურნალისტებიც მათ აკრიტიკებენ. ბატონ გრისტთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლება ასე არ მოქცეულა წარსულში და თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, არც მომავალში უნდა მოიქცეს." - აღნიშნა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე ბრიტანელი რაიან გრისტი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული. გრისტი 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს საჯაროდ ადანაშაულებდა და რუსეთის პოზიციას უჭერდა მხარს. იგი 2008 წლამდე საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.

"ნათელი იყო, რომ თავდასხმა იყო სრულიად მოუწესრიგებელი და არაპროპორციული ნებისმიერი პროვოკაციის საპასუხოდ, თუ ასეთი პროვოკაცია საერთოდ მოხდა. ჩემთვის ნათელია, რომ ეს იყო სრულიად მოუწესრიგებელი თავდასხმა ქალაქზე." - ამბობდა გრისტი.

გრისტი ასევე ამბობდა, რომ სანამ რუსეთი დაბომბვას დაიწყებდა, ქართველები სამხრეთ ოსეთის დასახლებულ ადგილებს ყოველ 15-20 წამში უტევდნენ.

აგვისტოს ომის დროს რაიან გრისტი თვითნებურად, სადამკვირვებლო კომისიისგან დამოუკიდებლად, რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა. მოგვიანებით გრისტმა განმარტა, რომ მის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა და მას არ უთქვამს, რომ ოსური მხრიდან ომის დაწყებამდე პროვოკაციებს ადგილი არ ჰქონია. საქართველოს მიერ ომის დაწყების შესახებ მისი განცხადებების უარყოფა კი, ეუთოს მისიის მაშინდელ ხელმძღვანელს - ტერი ჰაკალას მოუწია. თავად გრისტი ადასტურებდა, რომ ახლო ურთიერთობა ჰქონდა უფლებადამცველ ლირა ცხოვრებოვასთან, რომლის მიმართაც დასავლურ მედიასა და საქართველოს ხელსუფლებაში ეჭვებს გამოთქვამდნენ რუსულ და ოსურ სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ.

2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. 5-დღიან ომს ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია მოჰყვა.

 

კომენტარები