აბორტი

პირველად იყო ზიგოტა

9 თვის დაგვიანებით აღნიშნული განკაცების დღესასწაული

ის, ვინც აბორტის გარშემო მიმდინარე დისკუსიებს აკვირდება, შეამჩნევდა, რომ უმრავლეს შემთხვევაში, რამდენი ლოგიკური არგუმენტიც არ უნდა წარმოადგინო დედის მუცელში ჩასახული ადამიანური სიცოცხლის ადამიანობისა და მისი უფლებაუნარიანობის საჩვენებლად, რამდენჯერაც არ უნდა შეიყვანო ჩიხში ოპონენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანური ზიგოტა იმაზე მეტ ღირსებას არ ფლობს, ვიდრე მუწუკი ან სპერმატოზოიდი, საბოლოოდ, ყველაფერი წარმოდგენების კრიზისამდე დადის. ოპონენტი უბრალოდ უუნაროა, აღიქვას მუცლადმყოფი ადამიანად.

თანაგრძნობის დეფიციტი განსხვავებულის მიმართ არახალია. ადამიანებს უჭირდათ და უჭირთ იმ ადამიანთა თანასწორად მიღება, ვინც მათ არ ჰგავთ. თუმცა, კაცობრიობის განვითარებასთან ერთად, ჩვენ მომსწრენი გავხდით, როგორ აღუდგათ თანასწორუფლებიანი ადამიანის სტატუსი ქალებს, შავკანიანებსა და ჰომოსექსუალებს. აღსანიშნავია, რომ ჰომოსექსუალთა მიმართ შემწყნარებლობის ზრდასთან ერთად, იზრდება აბორტის მოწინააღმდეგეთა რაოდენობაც. თუ აბორტის მომხრეები მართლები არიან და აბორტის მოწინააღმდეგეები მართლაც „ქალებზე მონადირე მიზოგინები" არიან – მაშინ საქმე შიზოფრენიასთან გვაქვს. როგორ შეიძლება, ერთდროულად, საზოგადოება პროგრესირებდეს ჰომოსექსუალთა თანასწორუფლებიანობის მიმართულებით და რეგრესირებდეს ქალთა უფლებების თვალსაზრისით? სინამდვილეში, საქმე გვაქვს სხვა მოვლენასთან – საზოგადოების განვითარებას სულ უფრო მეტი ადამიანისთვის მოაქვს თანასწორუფლებიანობა.ზი

მაგრამ ჩვენც კი, ვინც გავაცნობიერეთ, რომ ზიგოტა ხორცმეტი კი არა, ადამიანური სიცოცხლის განვითარების პირველი სტადიაა და მისი სიცოცხლე ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც ყველასი – გვიჭირს აღვიქვათ ის თანასწორად. გვიჭირს დავინახოთ მასში ადამიანის განვითარების საწყისი ეტაპი. მისი დაბადების მომენტი. და ეს ყველაფერი მაშინ, როცა ახალი ტექნოლოგიების დამსახურებით, ჩვენ მუცლადმყოფი ადამიანის მოსმენაც შეგვიძლია და დანახვაც.
ჩვენ ვიბადებით კულტურაში, სადაც ითვლება, რომ ადამიანური სიცოცხლე იწყება მაშინ, როცა ის დედის მუცელს ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური მეცნიერება ადამიანური სიცოცხლის საწყისად სპერმატოზოიდის მიერ კვერცხუჯრედის განაყოფიერების მომენტს აცხადებს, ჩვენთვის კვლავ ჭიპლარის გადაჭრის საკრალურად ქცეული აქტია ცხოვრების დასაბამი. დაბადების დღე.

რატომ ხდება ეს იმ კულტურასა და ცივილიზაციაში, რომელიც საფუძველს იღებს ქრისტიანულ რელიგიაში? პარადოქსია, მაგრამ იმ პირობებშიც კი, როცა დღეს სიცოცხლის უფლების მხარდასაჭერად ქრისტიანული ეკლესიები ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან, შესაძლოა, სწორედ ქრისტიანული ეკლესიის არასწორად დასმულ აქცენტებს მიუძღოდეს ბრალი.

ქრისტოლოგიამ, ქრისტეს შესახებ სწავლებამ, ადამიანის შესახებ ჩვენს წარმოდგენებზე წარუშლელი კვალი დატოვა. ადამიანური ღირსება საფუძველს პოულობს ქრისტეში – ღმერთში, რომელიც ადამიანად იქცა და ამით თითოეულის მნიშვნელობა განუზომლად გაზარდა. პიროვნების ღირსების კონცეფცია ქრისტოლოგიიდან ამოიზარდა და სამართალში დამკვიდრდა. ადამიანი, რომელიც გამოსყიდულია ქრისტეს სისხლით, ხელშეუვალია. ადამიანური მოდგმა ღმერთის ნათესავია იესო ქრისტეს მიერ, რომელიც ერთდროულად არის სრული ღმერთი და სრული ადამიანი.

ვინაიდან ქრისტე ადამიანური ცხოვრებისა და ადამიანური მოდგმის იდეალია, მისი ცხოვრების თითოეული დეტალი, მისი იდენტობა, ქცევა და გარეგნობაც კი, უდიდეს გავლენას ახდენს მისი მიმდევრების წარმოდგენებზე ადამიანისა და ადამიანის, საზოგადოების, ბუნების, სახელმწიფოსა და ღმერთის მიმართებაზე. ქრისტიანებმა შექმნეს ცივილიზაცია, რომელმაც შესაძლებელი გახადა საერო ცხოვრებისა და ყოფის რელიგიისგან გამიჯვნა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ემანსიპირებული და სეკულარული კულტურა თავისუფალია ქრისტიანული ფესვებისგან. ცივილიზაციათა უმთავრესი განმსაზღვრელი რელიგიაა და სწორედ ამ ნიშნით დაყო ისინი სემუელ ჰანტინგტონმაც.

ხიდი ადამიანსა და ღმერთს შორის, შემოქმედსა და ქმნილებას შორის არსებულ უფსკრულზე თავად ღმერთმა გადო, იქცა გზად, რადგან ადამიანს არ შეეძლო მისი გადალახვა. მაგრამ როდის მოხდა ეს, როდის იქცა ქრისტე ადამიანად? ამ მომენტს უდიდესი გავლენა უნდა ჰქონოდა ჩვენს წარმოდგენებზე.

ტრადიციის მიხედვით, ეს მოხდა მაშინ, როცა მთავარანგელოზი გაბრიელი მოულოდნელად გამოეცხადა ერთ ებრაელ ქალს. ლუკა მახარებელი გადმოგვცემს:

„შევიდა ანგელოზი მარიამთან და უთხრა: გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის. ხოლო ის შეძრწუნდა მის სიტყვაზე და ჩაფიქრდა: ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, მარიამ, რადგანაც ჰპოვე მადლი ღმრთის წინაშე. აჰა, მუცლად იღებ და შობ ძეს, და უწოდებ სახელად იესოს. დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს. საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა. ხოლო მარიამმა უთხრა ანგელოზს: როგორ იქნება ეგ, მამაკაცი რომ არ ვიცი? მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: სული წმიდა გადმოვა შენზე, და უზენაესის ძალა მოგიჩრდილებს. ამიტომაც ღმრთის ძედ იწოდება წმიდა შობილი. აჰა, ელისაბედმაც, შენმა ნათესავმა, მუცლად იღო ძე სიბერის ჟამს, და ეს მეექვსე თვეა მისთვის, ვინც უნაყოფოდ იყო ხმობილი, რადგან ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი. ხოლო მარიამმა თქვა: აჰა, მხევალი უფლისა! მეყოს მე შენი სიტყვისამებრ! და განეშორა მას ანგელოზი". (ლუკა, 1; 28-38)

მას შემდეგ, რაც მარიამმა თანხმობა განაცხადა ანგელოზის სიტყვაზე, იმავე წამს, რა წამსაც ანგელოზი განეშორა მას, კაცობრიობის ისტორიაში რაღაც გასაოცარი მოხდა. ღმერთი იქცა ადამიანად. როგორც ევას მიერ შემოვიდა სიკვდილი და ცოდვა, ისე მარიამიდან დაიწყო სიკვდილის დამარცხება და ახალი ადამის გამომსყიდველობითი საქმე.

უძველეს ქრისტიანულ ეკლესიაში ხარების დღესასწაული უკვე დადგენილი იყო. 25 მარტს, 25 დეკემბრამდე 9 თვით ადრე, ქრისტე დედის მუცელში გამოისახა და „სიტყვა ხორცად იქცა". აქ მნიშვნელოვანია არა ის, მართლაც იშვა თუ არა ქრისტე 25 დეკემბერს, არამედ ის, რომ სწორედ ფეხმძიმობის 9 თვე აშორებს ამ დღესასწაულებს ერთმანეთისგან. იმ უმცირეს უჯრედში, რომელიც არ ყოფილა მარიამის სხეულის ნაწილი, არამედ ვიღაც ახალი, უკვე არსებობდა კაცობრიობის მხსნელი. როცა მარიამი შედის ელისაბედთან, ვის მუცელშიც ექვსი თვით ადრე გამოისახა იოანე ნათლისმცემელი, ქრისტეს წინამორბედი დედის მუცელში მოძრაობას იწყებს და ელისაბედი წარმოთქვამს ცნობილ სიტყვებს:

კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაი".

ხარება განკაცების დღესასწაულია. ასე სწამდა ეკლესიას ყველგან და ყოველთვის. მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ დღესასწაულის მთავარ მოქმედ პირად ღვთისმშობელი მოგვევლინა. თუ გადავხედავთ დღესასწაულთა ტროპარ-კონდაკებს, აღმოვაჩენთ, რომ განკაცებას ეკლესია უთუოდ უგალობს, თუმცა აქცენტი მაინც ღვთისმშობლის სიწმინდეზე, უბიწო ქალწულის რჩეულობაზე დაისმის და ხშირად გვერდზე გვრჩება განკაცების საიდუმლო.

ქრისტეშობის დღესასწაული თითქოს ანაცვლებს ხარების ნამდვილ მნიშვნელობას – ჩვენ გვესაუბრებიან ღმერთზე, რომელიც განკაცდა, რომელსაც უგალობდნენ ანგელოზები, რომელსაც თავზე დაადგა ვარსკვლავი და მოგვებმა მიაკითხეს. ის, ვინც ღრმად ვერ ერკვევა სახარების ნარატივში, მიიჩნევს, რომ ქრისტე ადამიანად იქცა სწორედ იქ, იმ ბაგაში. ხატებსა და ფრესკებზე გამოსახული შობის სცენები გვაჩვენებენ ყრმას, რომელმაც უკვე დატოვა დედის მუცელი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქრისტეს და მისი გამომხსნელობითი ცხოვრების საწყისი წერტილი სწორედ იქ, იმ ბაგაში წევს, ჩვილი ბავშვის სახით.

ამან ასახვა ჰპოვა კულტურაზეც. ჩვენ დედის სხეულს თავდახსნილი ბავშვებიდან ვიწყებთ ცხოვრების ათვლას. არის ამაში ტექნიკური მომენტიც – დაბადების დროის ფიქსირება შესაძლებელია, ხოლო ჩასახვის რთულია. თუმცა დედის მუცელში არსებული ჩვილის ფორმები ვერ აკმაყოფილებს ჩვენს წარმოდგენებს ადამიანზე. თუ კაცობრიობის მხსნელის ადამიანური ცხოვრების საწყისი თავისუფალია დედის მუცლისგან, თუ მას აქვს ორი ხელი, ორი ფეხი, თეთრი კანი, მამრობითი სქესი და კიდევ სხვა ბევრი ნიშანი – მაშინ ჩვენ უკვე გვაქვს ერთგვარი ჩარჩოები, როგორი უნდა იყოს ადამიანი განვითარების საწყის ეტაპზე. ამ ჩარჩოებში კი მუცლადმყოფი ვერ ჯდება.

ეკლესიის სწავლებაში ყველაფერი რიგზეა – მისთვის სიცოცხლე დედის მუცლიდან იწყება. თუმცა განსხვავებული იყო საეკლესიო პრაქტიკა, რომელშიც განკაცება დედის მუცლის დატოვებას დაუკავშირდა. ამ დღესასწაულისთვის განუზომლად დიდი მასშტაბების მიცემამ, უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულად ქცევამ აღდგომასთან ერთად, გამოიწვია წარმოდგენათა კრიზისი. ქრისტიანთა უმრავლესობას არასდროს ესმოდა თეოლოგია. კულტურა კი სწორედ უმრავლესობის რწმენა-წარმოდგენების ლომის წვლილით ყალიბდება.

ხარება დიდი ხნის მანძილზე დასავლეთში „ზეიმის" სტატუსს ატარებდა, მხოლოდ 1895 წელს აღიარეს ოფიციალურად „დღესასწაულად" – მან მიიღო უფრო მაღალი ხარისხი, ვიდრე იქამდე ჰქონდა. მეოცე საუკუნეში ლიტურგიული რეფორმის შემდეგ, „ხარება ნეტარი ქალწული მარიამისა" იქცა დღესასწაულად „ხარება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი". მრავალ ლიტურგიულ ტექსტში დღეს ორივე სახელწოდება გვხვდება, თუმცა აბორტის პრობლემის გამო დღესასწაულის ნამდვილი შინაარსისკენ მიბრუნება გახდა საჭირო.

დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ხარების დღესასწაულისთვის თეოლოგიური ყოველდღიურობის დაბრუნება. ღვთისმშობლის როლი როგორი განსაკუთრებული და გამორჩეულიც არ უნდა იყოს, აქცენტი განკაცებაზე უნდა დაისვას და არა ქალწულზე, რომელმაც მუცლად იღო ყრმა. ამ დღესასწაულის აღნიშვნის მასშტაბები უნდა გაფართოვდეს უშუალო საეკლესიო მონდომებით. ეკლესიამ უნდა მოახერხოს და დაუბრუნოს განკაცების სახარებისეულ ამბავს თავისი ნამდვილი დრო და მნიშვნელობა.

მრავალი წლის განმავლობაში ეკლესია ცდილობდა, აბორტის პრობლემისთვის მუცლადმყოფი ჩვილების ჯოჯოხეთში გაგზავნით მიეხედა. ის აცხადებდა და საქართველოს ეკლესია დღესაც აცხადებს, რომ მოუნათლავი ბავშვი სასუფევლის კარს ვერ შეაღებს. ამ რელიგიური სპეკულაციის ნაცვლად, რომელიც ქრისტე ღმერთის ხატს ამახინჯებს – აქცევს მას უსამართლო მსაჯულად – იქნებ ღირდეს დაფიქრება, ხომ არ მიუძღვით ქრისტიანებს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა იმაში, რომ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ საიდან დაიწყო ჩვენი ცხოვრება? ჩვენ ოდესღაც ვიყავით ზიგოტა, ემბრიონი, ჩვილი, არასრულწლოვანი, შუა ხნის... მაგრამ არასდროს ვყოფილვართ სპერმატოზოიდები. ყოველ შემთხვევაში, პირდაპირი მნიშვნელობით.

კომენტარები