რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

საგანელიძე: საქართველოს და რუსეთის პირველი პირების შეხვედრაზე ვოცნებობ

fb/DavidSaganelidzeOfficial

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრაზე ოცნებობს.

"მე ნამდვილად გამიჭირდება იმის თქმა, თუ რამდენად მოსალოდნელია უახლოეს ხანებში, მაგრამ იმაზე, რომ საქართველოს და რუსეთის პირველი პირები ერთმანეთს შეხვდნენ, ერთმანეთთან დასხდნენ, ისაუბრონ ამ ორი ქვეყნის მომავალზე, ურთიერთობების დალაგებასა და პრობლემების გადაწყვეტაზე, მე ვოცნობობ. რაც მალე იქნება, ამას ნამდვილად მივესალმები", - თქვა საგანელიძემ.

ცნობისთვის, 10 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მზად არის, ქართველ კოლეგას შეხვდეს. ჟურნალისტების კითხვას, შეხვდება თუ არა პუტინი საქართველოს პრეზიდენტს, მან უპასუხა - "თუ მოისურვებს, რატომაც არა".

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის "ვლადიმირ პუტინის რეპლიკას ზედმიწევნით და სერიოზულად გააანალიზებს". მარგველაშვილის განცხადებით, ნებისმიერ ასეთ მესიჯს, რომელიც მოდის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.

კომენტარები