თბილისის მერიის მიერ მთავრობის წევრთა თანამდებობაზე გამოცხადებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით, საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა ზაზა გაბუნიამ, დავით ჯინჭარაძემ და კოკი იონათამიშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთეს. მათი ინფორმაციით, საკრებულოს მიერ მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, მერიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მთავრობის ის წევრები, რომლებიც მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდნენ, კონკურსის გზით დანიშნონ თანამდებობებზე.
ზაზა გაბუნიას თქმით, საკრებულოს უმრავლესობამ, თბილისის მერიას ბიუჯეტის დამტკიცების შემთხვევაში ფინანსების ხარჯვითი პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მთავრობის მრავალპარტიულობის საფუძველზე დაკომპლექტება შესთავაზა.
"იმის ნაცვლად, რომ თბილისის მერია ადეკვატურად შეხვედროდა ჩვენს საქმიან წინადადებას ხარჯვითი პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, მათ გადაწყვიტეს, ჩაატარონ ფორმალური კონკურსი და ამ გზით გაუმყარონ მთავრობის წევრებს თანამდებობრივი პოზიციები. რითაც დადასტურდება, რომ თბილისის მერია ბიუჯეტის მიღებას და სახსრების გამჭვირვალედ ხარჯვის ვალდებულებას სკამების გამყარებას ამჯობინებს", - თქვა ზაზა გაბუნიამ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრის დავით ჯინჭარაძის თქმით, კონკურსი ტარდება ნაჩქარევად და არასრულყოფილად, რადგან ტარდება მხოლოდ გასაუბრებით, წერილობითი გასაუბრების გარეშე. რაც აჩვენებს იმას, რომ კონკურსი ფორმალური და ტენდენციურია.
კოკი იონათამიშვილის განცხადებით კი, მაშინ, როდესაც ფრაქციები და კომისიები კონსტრუქციულ და საქმიან რეჟიმში მუშაობენ, იმისთვის, რომ წინადადებები და შენიშვნები, რომლებიც მათ აქვთ, ასახული ყოფილიყო პროექტში, მერიის მხრიდან მიიღეს პასუხი სკამების გამყარების პოლიტიკის სახით.
დღეს თბილისის მერიამ ათი გამგებლის ადგილზე კონკურსი გამოაცხადა. განაცხადები 16 თებერვლამდე მიიღება.





