ასოცირების ხელშეკრულება

მარგველაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. რესტორან ფუნიკულიორში გამართულ სამუშაო ლანჩზე საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ დიპლომატებთან ერთად ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან-ხელმოწერამდე პერიოდში მოსამზადებელი სამუშაოები განიხილა. ასევე ისაუბრეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის შესაძლო დახმარების გამოყოფასა და დეოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან მათი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე პერიოდში.

"რეგულარულად ვმართავთ შეხვედრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან, იმ მნიშვნელოვანი მიზნიდან გამომდინარე, რასაც წარმოადგენს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. შეხვედრაზე განვიხილეთ მიმდინარე პროცესი, ვისაუბრეთ თუ რა ვალდებულებები და სამოქმედო გეგმა ექნება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ", - თქვა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. მათი ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება 11-კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლის გაფართოებასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე.

"შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ მსგავსი ტიპის საკითხებზე მსოფლიო თანამეგობრობამ მყისიერად უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სამუშაო სადილს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ივანე მაჭავარიანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა აბაშიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები