დევნილი ჩეჩნეთიდან, ამჟამად საქართველოს მოქალაქე საიხან მუზაევი ქართველ ძალოვნებს ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, სამართალდამცველები ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე ყალბი ჩვენების მიცემას და კონკრეტული გვარების დასახელებას აიძულებდნენ. 18 იანვარს მუზაევი ლონდონში გამგზავრებას გეგმავდა, თუმცა საზღვარზე არ გაატარეს, მიზეზები კი არავის განუმარტავს. მუზაევი ამ ფაქტს სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლას უკავშირებს და დაპატირმებასაც არ გამორიცხავს. საიხან მუზაევი ლტოვილთა და განსახლების სამინსიტროში თარჯიმნად მუშაობდა.
"დამიბარეს, მთხოვეს რომ ლაფანყუერზე მიმცა ჩვენება. დამესხელებინა ყოფილი მაღალჩინოსნების გვარები. უარი რომ ვუთხარი, პრობლემების შექმნით დამემუქრნენ." - ამბობს მუზაევი.
საიხან მუზაევი ამტკიცებს, რომ ლაფანყურის ოპერაციასთან მას კავშირი არ ჰქონია. როგორც სახალხო დამცველის ოფისში აცხადებენ, მათ უკვე მიიღეს მუზაევის განცხადება და ის შესწავლის ეტაპზეა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ნათია კაციტაძის თქმით, ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან, დაასაბუთონ თუ რატომ ხდება მისი გადაადგილების უფლების შეზღუდვა.
"სახალხო დამცველის აპარატში საქართველოს მოქალაქის მიერ საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ შექმნილ პრობლემებზე შემოვიდა განცხადება, სადაც მოქალაქე აღნიშნავს, რომ ორჯერ ინგლისში გაფრენის მცდელობის მიუხედავად, მან ვერ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის , რომ საქართველოს კანონმდებლობით გადაადგილების თავისუფლება ყველა ადამიანისთვის გარანტირებულია. კანონმდებლობის მიხედვით კი, ეს ადამიანის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაა. ამიტომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, განუმარტოს ამ ადამიანს დეტალურად, თუ რატომ ხდება მისი შეფერხება და ქვეყანაში დატოვება.
განცხადებაში ასევე ეს ადამიანი აღნიშნავს , რომ მასთან, სავარაუდოდ, ლაპარაკი ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და, შესაძლოა, მისი ხელშეუხებლობა ამის შემდეგ იყოს საფრთხის ქვეშ. სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას არ შეექმნას საფრთხე." - ამბობს კაციტაძე.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურამ ყოფილი ხელსუფლების ბრალეულობის გამოვლენის მოტივით ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიება დაიწყო. ამ მოვლენების გამოსაძიებლად საზოგადოებრივი ჯგუფი სახალხო დამცველის აპარატთანაც შეიქმნა, რომელსაც თავად უჩა ნანუაშვილი ხელმძღვანელობს. სახალხო დამცველის ოფისში განმარტავენ, რომ ფაქტების დადგენის კუთხით გარკვეული სამუშაოები უკვე ჩატარდა, თუმცა საბოლოო შედეგზე ჯერ ვერ საუბრობენ.
2012 წლის აგვისტოში ქართველმა სამართალდამცველებმა ლაფანყურში, რუსეთ- საქართველოს საზღვრის მახლობლად, სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების ჯგუფის მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლება მოხდა. ოპერაციის შედეგად, ორი სამართალდამცველი და შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრი დაიღუპა.




