თბილისის ბიუჯეტი

ტელერადიო ცენტრი: ანძის სასიგნალო განათება 2007 წელს მერიამ გამორთო

საქართველოს ტელერადიოცენტრი

საქართველოს ტელერადიო ცენტრის განცხადებით, თბილისის მერიამ 2007 წელს დაამონტაჟა "დღეს არსებული დეკორატიული განათება" და ანძის სასიგნალო განათების გამორთვა (ე.წ. შუქურა) კატეგორიულად მოითხოვა. ცენტრის განმარტებით, შუქურა 2007 წლის შემდეგ პრაქტიკულად აღარ გამოიყენება, თუმცა, ტექნიკური სამსახური რეგულარულად ამოწმებს მის მდგომარეობას. ტელერადიო ცენტრის ინფორმაციით, ბოლოს, განათება 2013 წლის დეკემბერში გადამოწმდა.

"2014 წლის 20 იანვარს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და შეტყობინების გარეშე, 16:30 საათზე, ქ. თბილისის მერიის დავალებით, ტელერადიო ცენტრის ტექნიკურ სამსახურთან შეუთანხმებლად, შესაბამისმა სამსახურებმა გათიშეს ანძის განათება. ანძის სასიგნალო განათება (შუქურა) კი, ჩვენთვის ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზებით არ ჩაირთო, რამაც თავის მხრივ, საფრთხე შეუქმნა თბილისის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას. იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერია რამდენიმე საათით ადრე მაინც გამოგვიგზავნიდა შეტყობინებას ანძის გარე განათების გათიშვის შესახებ, ტელერადიო ცენტრის ტექნიკური სამსახური შეძლებდა განათების ხელახალ საკონტროლო გადამოწმებას და ზემოთ ხსენებული შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილებას“, - ნათქვამია განცხადებაში სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით.

თბილისის ტელეანძაზე გარეგანათების გათიშვის გამო, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თბილისის მერიას მიმართავს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ გადაწყვეტილებებს. უწყების განცხადებით, ანძის გარეგანათების რამდენიმესაათიანმა გათიშვამ ფრენებს საფრთხე შეუქმნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ თბილისის სატელევიზიო ანძა არის შპს საქართველოს ტელერადიოცენტრის ბალანსზე, რომელიც პასუხისმგებელია მის სწორად ექსპლოატაციაზე. სამინისტროს ინფორმაციით, მერიის ოფიციალური განცხადება პირდაპირ ეთერში გადაიცა 18:08 საათზე, თბილისის სატელევიზიო ანძის გარეგანათება კი, შესაბამისმა პირებმა დაახლოებით 16:30 საათზე გათიშეს. უწყების განმარტებით, ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული საქართველოს ტელერადიოცენტრი.

ცნობისთვის, გუშინ საღამოს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, რომ თბილისის ტელეანძაზე განათება ბიუჯეტის დამტკიცებამდე გაითიშებოდა. განათების გათიშვის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ თბილისის მერია საბოტაჟში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "მსგავსი ქმედება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით".

თბილისის მერიამ თბილისის სატელევიზიო ანძის გარეგანათება გათიშვიდან რამდენიმე საათში ჩართო და განცხადება გაავრცელა.

"მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ და უმრავლესობამ თბილისის მერის მოადგილეს დაუდასტურეს, რომ ანძის განათებისა და რეაბილიტიაციის თანხა მათთვის აღარ წარმოადგენს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის მიზეზს, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და ანძის განათება ჩართო. ანძის განათების გამორთვა არ იყო მერიის თვითმიზანი, ყოველივე ეს განპირობებული იყო, რომ საბიუჯეტო განხილვების პროცესი გააქტიურებულიყო და საკრებულოს უმრავლესობას ეგრძნო პასუხისმგებლობა, დაუმტკიცებელი ბიუჯეტით თბილისელებისთვის გამოწვეულ პრობლემებზე. ამ ეტაპზე ანძის განათების გამორთვით აღნიშნული მიზანი მიღწეულია", - აცხადებს მერია და აღნიშნავს, რომ საჰაერო ნავიგაციის შუქურას გარე განათებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

საკრებულოს პრესსამსახურის მტკიცებით კი, თბილისის საკრებულოს მოადგილემ ირაკლი შიხიაშვილმა აიძულა მერია, რომ ტელეანძა გაენათებინა. ამასთან, თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ დედაქალაქის მთავრობის დაშლა მოითხოვა.

კომენტარები