მედიასთან შეხვედრაზე, პრემიერ ღარიბაშვილს ვანო მერაბიშვილის განცხადების შესახებ ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაურკვეველი მიმართულებით გაიყვანეს, შემდეგ კი ყოფილი მთავარი პროკურორი მასზე ზეწოლას ახდენდა. ღარიბაშვილის თქმით, ეს პროვოკაცია და ოთარ ფარცხალაძის მიმართ აგორებული კამპანიაა.
"მე თავიდანვე გავაკეთე შეფასება ამ ფაქტთან დაკავშირებით. ვთქვი, რომ ეს იყო ჩვეულებრივი, მარტივი პროვოკაცია. სხვათა შორის, საინტერესოდ დაემთხვა კეზერაშვილის ფინანსების გამომზეურება და ის ფაქტი, რომ დაიწყეს საუბარი, რომ ეს იყო არა მხოლოდ კეზერაშვილის ფინანსები, არამედ შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა მაღალ თანამდებობის პირებთან. ჩვენ მაშინ გამოვთქვით მოსაზრება, რომ შესაძლოა ბატონ მერაბიშვილს ჰქონდა მცდელობა, საკუთარი გუნდის წევრები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დაეშანტაჟებინა. მეორე - ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია და კარგად აგორებული კამპანია ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ. ეს იყო კარგად დაგეგმილი, ბინძური კამპანია ფარცხალაძის წინააღმდეგ. არავის სჭირდება მერაბიშვილის გატაცება, ის კარგად ზის და კარგად იჯდება. თუ ვინმეს რაიმე შეკითხვა აქვს, კანონიერი გზით მივლენ და ამ კითხვას დაუსვამენ, პროცედურების დაცვით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
ღარიბაშვილმა ფაქტის ირგვლივ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ ჩატარებულ მოკვლევაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის დასკვნა კითხვებს არ აჩენს.
"რაც შეეხება სოზარ სუბარის მიერ გაკეთებულ შეფასებას და გენინსპექციის დასკვნას, მე არ ვიცი ამაში რატომ არსებობს კითხვები და რატომ არ არის ეს დასკვნა კომპეტენტური. თუ ვინმეს აქვს რაიმე კითხვა დარჩენილი, შეუძლია გაესაუბროს სუბარის უწყების წარმომადგენლებს და ისინი დეტალურად გააკეთებენ განმარტებას. მე პირადად, არ მაქვს არანაირი კითხვა დარჩენილი ამ ფაქტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვენდობი სოზარ სუბარის შეფასებას და დასკვნას. ვფიქრობ, საზოგადოების უმრავლესობას არ აქვს არანაირი კითხვა. ძირითადად კითხვები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს აქვთ, სხვა თემა არ გააჩნიათ და საუბრობენ მხოლოდ მერაბიშვილზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




