საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი: მესამე კვარტალში გვქონდა სერიოზული ეკონომიკური გამოცოცხლება

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, ეკონომიკური დაღმასვლა გამოწვეული იყო 2013 წლის პოლიტიკური არასტაბილურობითა და მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს ახალი მთავრობის დისკრედიტაციით. მისი თქმით, ინვესტორების დარწმუნება ჭირდა, რადგან სააკაშვილი მთელ მსოფლიოში დადიოდა და მთავრობას დესტრუქციულ ძალას ეძახდა.
.
"მართლაც ძალიან რთული წელი იყო, ურთულესი კოჰაბიტაციური პროცესი გავიარეთ. ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც ამბობდა, რომ იყო ნომერ პირველი ოპოზიციონერი, მოგზაურობდა მსოფლიოში და ახდენდა ჩვენი მთავრობის დისკრედიტაციას. მას შემდეგ, რაც სააკაშვილს შევუზღუდეთ უფლებამოსილება და მთავრობის დათხოვნის ბერკეტი ჩამოერთვა, შედარებით სტაბილური ვითარება მივიღეთ. ვერც ერთი მთავრობა ვერ დაარწმუნებს ინვესტორს, რომ განახორციელოს ინვესტიციები იმ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტიც ამბობს, რომ ხელისუფლება არის საშინელი, დესტრუქციული ძალა, რომელსაც სურს ქვეყნის განადგურება. ამან გამოიწვია ის შედეგი, რაც ვიხილეთ, გარვეული ეკონომიკური დაღმასვლა, მაგრამ საგანგაშო არაფერი ხდება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, მას შემდეგ ეკონომიკამ გამოცოცხლება დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიტიკური სიტუაცია სტაბილიზაციის გზას დაადგა.

"მესამე კვარტალში ჩვენ გვაქვს ეკონომიკის სერიოზული გამოცოცხლება, გაჯანსაღება. მომავალი წლის პროგნოზი 5 %-იან ზრდაზეა გათვლილი, რაც რეალური პროგნოზია და ამას საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციებიც ადასტურებენ. მესამე კვარტალში იგივე კერძო სექტორში კომპანიების საერთო ბრუნვა გაიზარდა, თუ არ ვცდები, 24 %-ით და მათმა საერთო სავაჭრო ბრუნვამ 30 მილიარდი ლარი შეადგინა - აქ ჩანს რეალური გამოცოცხლება. როგორც კი დაიწყო პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურება, მაშინვე მოხდა ეკონომიკის გაჯანსაღება. საგარეო ვაჭრობის კუთხითაც - 4 %-იანი მატება გვაქს მესამე კვარტალში. ექსპორტი 20 %-ით გაიზარდა და დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ესაა მართლაც რეკორდული მაჩვენებელი და სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ასეთი მაჩვენებელი არ ყოფილა არასდროს, ასეთი მაჩვენებელი არ ჰქონია "ნაციონალურ მოძრაობას". ასევე რუსეთის ბაზარზე შევიტანეთ 10 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო - სამჯერ გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა. აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ მესამე კვარტალში გვქონდა სერიოზული გამოცოცხლება, რაც გვაძლევს იმედს, რომ გავაკეთოთ დადებითი შეფასებები და გათვლები იყოს რეალური", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები