ოთარ ფარცხალაძის საქმე

ჭიკაიძე: ფარცხალაძის თანამდებობაზე ყოფნით კანონი არ ირღვევა

ალექსანდრე ჭიკაიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მთავარი პროკურორის ნასამართლობით პირადად არ დაინტერესებულა. ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, ეს საკითხი გადასამოწმებელია და გადამოწმდება.

"მთავარი პროკურორი ნასამართლევი არ არის, ამიტომ მას შეუძლია მუშაობა. გადასამოწმებელია, არსებობდა თუ არა ძველი ნასამართლეობა, რომელიც შესაძლოა, უკვე გაქარწყლებულია. თანამდებობაზე მისი ყოფნით კანონი არ ირღვევა. ბატონი ოთარი არის უაღრესად კარგი, გულმოდგინე პატრიოტი თავისი ქვეყნის, კარგი სპეციალისტია და ვიმედოვნებთ, მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას", - განაცხადა ჭიკაიძემ.

გუშინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, თბილისის მერმა გიგი უგულავამ სპეციალური განცხადება გააკეთა. უგულავას თქმით, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე 2001 წელს გერმანიის ქალაქ აუგსბურგში ყაჩაღური ქურდობის ბრალდებით გასამართლდა და სასჯელის ერთ-ერთ ფორმად გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

"საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, დაბადებული 1976 წლის 18 ივნისს, 2001 წლის 16 იანვარს გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით: ყაჩაღური ქურდობისთვის. ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი, პატიმრობა ერთი წელი და სამი თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მისამართი: კარმელიტე გასე 12. დამატებითი სასჯელის სახით, ფარცხალაძეს განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2001 წლის 14 მარტს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მთავარმა პროკურატურამ კი, უგულავას განცხადება პოლიტიკურ შანტაჟად შეაფასა.

კომენტარები