ოთარ ფარცხალაძის საქმე

მთავარი პროკურატურა უგულავას განცხადებაზე: ეს პოლიტიკური შანტაჟია

facebook.com/OfficialPOG

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიგი უგულავას საპასუხო განცხადება გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში, თბილისის მერმა გიგი უგულავამ სპეციალური განცხადება გააკეთა. უგულავას თქმით, მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 2001 წელს გერმანიის ქალაქ აუგსბურგში ყაჩაღური ქურდობის ბრალდებით გასამართლდა და სასჯელის ერთ-ერთ ფორმად გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. გიგი უგულავამ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, გერმანული მხარისგან ფარცხალაძის საქმის გამოთხოვა, იქამდე კი პროკურირის თანამდებობიდან ჩამოშორება მოსთხოვა.

მთავარი პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურატურამ გაააქტიურა გამოძიება მთელ რიგ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმეებზე და პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის თბილისის მერი გიორგი უგულავა, ხსენებული ბრალდებულების ხელმძღვანელობით "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაიწყო და აქტიურ ფაზაში შევიდა პოლიტიკური შანტაჟის და დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია საქართველოს მთავარი პროკურორის წინააღმდეგ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარ ი.მერაბიშვილთან შეხვედრაში დადანაშაულების შემდეგ, დღეს უკვე მისი ყაჩაღად შერაცხვა ემსახურება ერთადერთ მიზანს - მთავარი პროკურორი ნებისმიერი ხერხით ჩამოაცილონ დაკავებულ თანამდებობას და დისონანსი შეიტანონ პროკურატურის გამართულ საქმიანობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავარი პროკურატურა აუცილებლად გააგრძელებს კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, აცნობიერებს რა რომ დანაშაულთან ბრძოლა ქვეყნის განვითარების არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა მარტივი საქმე. საზოგადოებაში გაჩენილ ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი პასუხი, ხოლო მცდელობა, გამოძიების პროცესი პოლიტიკურ დევნად გასაღდეს, კრახით დასრულდება", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები