რუსეთი

მიხაილ ხოდორკოვსკიმ კოლონია დატოვა

მიხაილ ხოდორკოვსკი
lepasseurcritique.com

მიხაილ ხოდორკოვსკიმ საპატიმრო უკვე დატოვა. ამის შესახებ სააგენტო რია ნოვისტის მსჯავრდებულის ადვოკატმა ვადიმ კლუვგანტმა განუცვხადა. "ახლახან მივიღეთ ოფიციალური დასტური კოლონიის ხელმძღვანელობისგან, რომ მიხაილი გათავისუფლებულია და კოლონია დატოვა", - განაცხადა ადვოკატმა. მისთვის უცნობია, სად გაემგზავრა ხოდორკოვსკი და როგორია მისი სამომავლო გეგმები. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიხაილ ხოდორკოვსკის შეწყალების შესახებ ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა და ხელმოწერის მომენტიდან ის ძალაში შევიდა. 

იმის შესახებ, რომ მიხაილ ხოდორკოვსკის შეწყალებას აპირებს, ვლადიმირ პუტინმა 19 დეკემბერს პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"მან პატიმრობაში 10 წელზე მეტი გაატარა, ეს სერიოზული დროა. მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება (შეწყალების შესახებ) უნდა მივიღოთ", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. მან აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ხოდორკოვსკი უარს ამბობდა შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისადმი მიმართვაზე. თუმცა, პუტინის თქმით, ამასწინათ მან ასეთი განცხადება დაწერა და შეწყალება ითხოვა.

კომპანია იუკოსის მფლობელი მიხაილ ხოდორკოვსკი 2003 წელს დააკავეს, სასამართლომ მას თაღლითობისთვის, ქონების მითვისებასა და გადასახადების დამალვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეტა შეუფარდა. 2010 წელს ხოდორკოვსკი და მისი პარტნიორი ლებედევი მეორედ გაასამართლეს და სხვისი ქონების მითვისებისთვის სასჯელი 14 წლამდე გაუზარდეს. ხოდორკოვსკის საქმემ კრიტიკული შეფასებები დაიმსახურა დასავლეთის მხრიდან, ხოდორკოვსკის პუტინის პირადი პატიმარიც უწოდეს. საერთაშორისო ამნისტიამ ხოდორკოვსკი და ლებედევი სინდისის პატიმრებად აღიარა.

კომენტარები