ვანო მერაბიშვილის საქმე

სუბარი: ვიდეოკადრები ავტომატურ რეჟიმში იშლება

სასჯელაღსრულების მინისტრის თქმით, მან არ იცის, წაიშლება თუ არა ვანო მერაბიშვილის საპყრობილიდან გაყვანის ამსახველი ჩანაწერები. სოზარ სუბარის განცხადებით, კადრები ავტომატურ რეჟიმში 10 დღეში იშლება და ეს საკითხი არა მას, არამედ სამინისტროში არსებულ IT დეპარტამენტს ეხება. მისივე თქმით, ჩანაწერები სავარაუდოდ წაშლილი არ იქნება.

ვანო მერაბიშვილის საქმის გამოძიება ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ გაურკვეველია, მოთხოვნის შემთხვევაში გამოძიებას გადაეცემა თუ არა ჩანაწერები.

"მე არ ვიცი, არ ვაკონტროლებ ამ თემას. ეს დაყენებულია ავტომატურ რეჟიმზე, მას ჰყავს თავისი სამსახური, რომელიც ამას აკეთებს. არის თემები, რომელიც არ არის სამინისტროს პრეროგატივა, დელეგირებულია ქვემოთ და მე არ ვცდილობ ამ თემებში ჩარევას", - განაცხადა სუბარმა და განმარტა, რომ ვიდეოკამერებთან დაკავშირებულ საკითხებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებული IT სამსახური არეგულირებს.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან 10-17 დეკემბრის ამსახველი უწყვეტი ვიდეომასალა გამოითხოვა. თუ სასჯელაღსრულების სამინისტროს IT სამსახური დადგენილი წესით იხელმძღვანელებს, მერაბიშვილის განცხადებაზე მოთხოვნილი ჩანაწერების წაშლა ავტომატურად ორ დღეში დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, პარასკევს, გვიან ღამით, 2-ის ნახევარზე, ის გაიყვანეს ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადააფარეს თავისივე მოსაცმელი და წაიყვანეს, მერაბიშვილის ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. მან ინფორმაციის გადამოწმების გზად ვიდეოჩანაწერების ამოღება დაასახელა.

სასჯელაღსრულების სამინისტრო კი გამოძიების დაწყებამდე ვიდეომასალების გადაცემაზე უარს ამბობს. სუბარის თქმით, ამ შემთხვევაში, კანონს თავად დაარღვევს.

კომენტარები