საპროტესტო აქციები კიევში

პეტრიაშვილი: მთავარია, რომ უკრაინამ ევროინტეგრაციისკენ სვლა განაგრძოს

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი შედგება. როგორც პეტრიაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარია, რომ უკრაინამ ევროინტეგრაციისკენ სვლა განაგრძოს.

"დღეს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ქეთრინ ეშტონი უკრაინაში ჩადის. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ხელშეწყობით უკრაინის საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის იქნება შესაძლებელი დიალოგის დაწყება და კონკრეტული შეთანხმებების მიღება. მთავარია, რომ უკრაინამ განაგრძოს სწორი ნაბიჯით სვლა ევროინტეგრაციისკენ", - თქვა სახელმწიფო მინისტრმა.

მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, კიევში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

გვიან ღამით, კომუნალური სამსახურების თანამშრომლებმა სამართალდამცავი ორგანოების მხარდაჭერით გრუშევსკის ქუჩაზე მინისტრთა კაბინეტის წინ განლაგებული ბარიკადები დაშალეს. რადიო თავისუფლების ცნობით, შინაგანმა ჯარმა მომიტინგეები მინისტრთა კაბინეტის შენობიდან ევროპის მოედნისკენ განდევნა, რის შემდეგაც ბარიკადები აიღო.

 

კომენტარები