აქციები უკრაინაში

ევროპარლამენტარი უკრაინელ ჩინოვნიკებს ევროპაში არ შეშვებით დაემუქრა

ელმარ ბროკი
Karen Bleier / AFP

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა განაცხადა, რომ თუ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ადეკვატურად არ დასჯის 30 ნოემბრის ღამეს კიევში საპროტესტო აქციის მონაწილეთა დამრბევებს, მაშინ ევროპარლამენტი ზოგიერთ უკრაინელ ჩინოვნიკს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლას აუკრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო Unian ავრცელებს.

"იანუკოვიჩმა უნდა დასაჯოს ისინი, ვინც ხალხის ცემაშია დამნაშავე. აგრესია უნდა დაისაჯოს. თუ ისინი არ დასჯიან ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელია სამართალდამცავთა ქმედებებზე იმ სიტუაციაში (30 ნოემბრის დარბევა),  მათ არ ექნებათ საშუალება ეწვიონ ვეროკავშირს. ჩვენი პოზიციაა, რომ ევროკავშირში უნდა შემოვიდნენ ახალგაზრდები და არა - კრიმინალები", - განაცხადა ელმარ ბროკმა, რომელიც არის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი.

BBC-ის რუსული ბიურო ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის გარდა გაფრთხილება მიიღო რუსეთმაც, ამჯერად ევროკომისიისგან.

მედიასაშუალების ინფორმაციით, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ მიიღო ევროკომისიის გაფრთხილება, სადაც საუბარია ნავთობსადენ სამხრეთის ნაკადის მშენებლობის შეჩერებაზე. კერძოდ, ევროკომისია წერს, რომ რუსეთის სახელმწიფო კომპანია გაზპრომის შეთანხმებები იმ ქვეყნებთან, სადაც სამხრეთის ნაკადმა უნდა გაიაროს, არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, რის გამოც, უნდა გადაიხედოს ეს შეთანხმებები. თუ რუსეთი ამ შეთანხმებებს ევროკავშირის კანომდებლობასთან შესაბამისობაშია რ მოიყვანს, სამხრეთის ნაკადი არ აშენდება. 

კიევში საპროტესტო აქციები უკვე 2 კვირაზე მეტია გრძელდება. უკრაინელები ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის გამო.

დღეს, 8 დეკემბერს, კიევში მილიონიანი მარშია დაგეგმილი. უკრაინული მედია წერს, რომ უახლოესი დღეები გადამწყვეტი იქნება ქვეყანაში მიმდიანრე პროცესებისთვის.

კომენტარები