ავტოავარია

სასულიერო პირისთვის, რომლის ავტოავარიას მსხვერპლი მოყვა, ბრალი არ წაუყენებიათ

გარდაცვლილი რევაზ მაჩხაშვილი

თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან, გორგასლის ქუჩაზე 2 ნოემბერს მომხდარი ავტოავარიასთან დაკავშირებით, რომელსაც 31 წლის რევაზ მაჩხაშვილი ემსხვერპლა, ჯერჯერობით ბრალდებული არავინაა.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ტაბულას განუცხადეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნასვამ მდგომარეობაში, რასაც მსხვერპლი მოყვა.

ტვ 3-ის ინფორმაციით, ჯიპის ტიპის ავტომობილს 2 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროს ეზოში არსებულ ეკლესიაში მომუშავე სასულიერო პირი, აკაკი კუპრაშვილი მართავდა. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა ტვ 3-ს განუცხადეს, მღვდელი აკაკი კუპრაშვილი საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, ხოლო ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, სასულიერო პირის ახლობლებმა გარდაცვლილი მაჩხაშვილის ოჯახს დუმილის სანაცვლოდ 15 000 ლარი შესთავაზეს.

აკაკი კუპრაშვილის ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე ტვ 3-თან ინტერვიუში ვერ საუბრობს, ავტოავარიისას სასულიერო პირი ნამდვილად იყო თუ არა ნასვამი, თუმცა, ის ადასტურებს, რომ ოჯახს ნამდვილად შესთავაზეს გარკვეული თანხა.

გაბრიჭიძის მტკიცებით, ეს არ იყო დუმილის სანაცვლოდ გაკეთებული შეთავაზება, არამედ, ეს გამიზნული იყო მიცვალებულის "გასაპატიონებლად" გამიზნული.

"მორალური პრინციპებიდან გამომდინარე შესთავაზა, მოსყიდვა და გაჩუმება არა. მოხდებოდა ოჯახის მიმართ ერთგვარი მატერიალური კომპენსაცია", - აცხადებს ადვოკატი ირაკლი გაბრიჭიძე.

როგორც საქართველოს მთავარ პროკურატურაში ტაბულას განუცხადეს, ავტოავარიაში მონაწილე პირს ბრალი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ წარედგინება.

კომენტარები