ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ვილნიუსის სამიტის პარალელურად მიმდინარე ევროკავშირის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
დავით ბაქრაძემ ლიტვის ყოფილ სახელმწიფო მეთაურ ვიტაუტას ლანდსბერგისს ოქტომბერში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში მკვეთრად პროევროპულ საზოგადოებრივ აზრზე, რომელიც, მისი თქმით, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოს მთავრობისთვის.
დავით ბაქრაძე ასევე მიესალმა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას და აღნიშნა, რომ ეს მრავალი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის, დაწყებული სამუშაოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ დასრულებას წარმოადგენს.
ბაქრაძემ ასევე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიის უკუსვლის, პოლიტიკური ანგარიშსწორების კამპანიისა და შერჩევითი სამართლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული მომავალ წელს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც საქართველოს სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს.
კონფერენციაზე, გარდა დავით ბაქრაძისა, ასევე სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკი და ვიცესპიკერი გიორგი ბარამიძე.
ევროკავშირის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეთა კონფერენცია დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმის[Community of Democracies Parliamentary Forum] ეგიდით ტარდება.
მოგვიანებით დავით ბაქრაძე მონაწილეობას ევროპის სახალხო პარტიის ლიდერთა სამიტში მიიღებს, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ჰერმან ვან რომპუი და ევროკავშირის ლიდერები დაესწრებიან.





