საქართველოს სამბისტთა ნაკრები

ქართველი სამბისტები მსოფლიოს ჩემპიონატიდან მედლებით დაბრუნდნენ

msy.gov.ge

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, ლევან ყიფიანი სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელებს და სამბისტთა ნაკრების წევრებს შეხვდა. ქართველმა სამბისტებმა რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს სამბისტთა ნაკრების ანგარიშზე ვერცხლის მედალია.

მსოფლიო ჩემპიონები ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ) და ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ) გახდნენ, ლაშა გურულს (100 კგ) ტიტულამდე გადამწყვეტი შეხვედრის მოგება დააკლდა და ვერცხლს დასჯერდა, ბრინჯაოს მედლები კი კახა მამულაშვილმა (74 კგ), მძიმეწონოსანმა ნოდარ მეტრეველმა და ირინე ლეონიძემ (+80 კგ) მოიპოვეს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე, მთავარ მწვრთნელ ჯონდო მუზაშვილის გუნდი მამაკაცთა შორის სპორტულ სამბოში 9 სპორტსმენით, საბრძოლო სამბოში 2 სპორტსმენით და ქალთა შორის 3 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

ასევე ცნობილი გახდა კიდევ ერთი სიახლე, რომ სამბოს საერთაშორისო ფედერაციის ჯანმრთელობისა და დოპინგის კომიტეტს საქართველოს ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი უხელმძღვანელებს.

კომენტარები