საოკუპაციო ხაზი

ვოლსკი: ჟენევის ფორმატის გარდა, სხვა მექანიზმი სააკაშვილმა არ დაგვიტოვა

radiotavisupleba.ge

ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთში რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის აღმნიშვნელი ტრაფარეტების დამონტაჟებას მმართველი გუნდი ეხმაურება. მათი განცხადებით, საქართველო პროვოკაციას არ აჰყვება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის შეფასებით, პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა საკითხის ჟენევის მოლაპარაკებებზე განხილვაა. 

"იმ ფორმებზე, რომლებსაც უნდა მივმართოთ მომავალში, უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ. ეს არის პრევენციის მექანიზმი, რაც არსებობს და ჟენევის ფორმატი, რაც არსებობს. სხვა მექანიზმი, სამწუხაროდ, სააკაშვილმა არ დაგვიტოვა", - ამბობს ვოლსკი. 

საპარლამენტო უმცირესობა კი, რუსი სამხედროების ამ ქმედებას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შერბილებას უკავშირებს. 

"ჩვენ გვაქვს არაპრინციპული, ძალიან ბუნდოვანი პოზიცია რუსეთთან მიმართებაში. რუსეთს აქვს იმის განცდა, რომ სოაკუპაციო ხაზის გადმოწევით არ დაისჯება, ამიტომ, ამ პროცესს აგრძელებს. რაღაც პერიოდი აცადეს არჩევნებამდე, რომ საარჩევნო განწყობები არ შეცვლილიყო. მათთვის ეს ხელისუფლება სასურველია და ბუნებრივია, რომ არ უნდათ მისი შეცვლა, ამიტომ, არჩევნებამდე აცადეს, მაგრამ მერე ისევ იგივე გააგრძელეს", - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა. 

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის თქმით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ვითარება კონტროლირებადია და ამ სოფლებში პატრულირება გაძლიერდება. 

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთში საოკუპაციო ხაზის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის დავით სუჯაშვილის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულმა მხარემ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებს უკვე მიაწოდა. 

"ე.წ. სახელმწიფო საზღვრის ამსახველი ტრაფარეტების მონტაჟი ხდება ჩვენი მოსახლეობის მიერ დამუშავებულ მიწებზე. მოსახლეობის დაცულობიდან გამომდინარე, აუცილებლად გავაძლიერებთ პატრულირებას. ინფორმაცია მივაწოდეთ დიპლომატიურ მისიებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩართულია ამ საკითხში. ამ საკითხს აუცილებლად გავიტანთ ჟენევის შეხვედრაზე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრაზე", - აღნიშნა სუჯაშვილმა.

კომენტარები