კალათბურთი

რას უნდა ველოდოთ NBA 2013/14 სეზონისგან

29 ოქტომბერს უმთავრესი საკალათბურთო მოვლენა, NBA-ს მორიგი სეზონი დაიწყო. ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი კვლავაც მაიამი ჰიტი გახლავთ. აღმოსავლეთ კონფერენციაში, ლებრონ ჯეიმსის და კომპანიის მთავარი მეტოქე ჩიკაგო იქნება, რომელსაც დერიკ როუზი დაუბრუნდა. დასავლეთ კონფერენციიდან ფინალში გასვლის და ოქროს ბეჭდების მოპოვების საუკეთესო შანსი ოკლაჰომას, სან ანტონიოსა და კლიპერსს ექნებათ, რომელსაც წელს ბოსტონის ყოფილი მწვრთნელი, დოკ რივერსი გაწვრთნის.

გთავაზობთ 2013-14 წლების NBA-ს ყველა გუნდის წინასასეზონო მიმოხილვას.

აღმოსავლეთ კონფერენცია

ატლანტიკის დივიზიონი

ტორონტო რეპტორსი

(12/13 სეზონი – მეთორმეტე ადგილი)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: არა)

წელს NBA-ში აღმოსავლეთ კონფერენცია წარმოუდგენლად სუსტი იქნება. იმდენად ბევრი ცუდი გუნდია, რომ შეიძლება ტორონტო ფლეი-ოფში გავიდეს. რეპტორსი კაილ ლოურისა და რუდი გეის გუნდი იქნება. ოგასტინისა და სტივ ნოვაკის დამატებით ტორონტოს პერიმეტრის შეტევა გაძლიერდება, მაგრამ ფარქვეშ რეპტორსის თამაში კვლავაც საცოდაობა იქნება. ვალანჩუნასისა და ამირ ჯონსონის წყვილი ლიგის ყველა თავმოყვარე მძიმე მოთამაშეებთან ბურთის მოხსნისთვის ბრძოლას წააგებს, ისე, როგორც ეს შარშან ხდებოდა, ამის გამო კი ტორონტო ბევრ თამაშს დათმობს და ფლეი-ოფში ვერ გავა.

ბოსტონ სელტიკსი

(12/13 სეზონი – მეშვიდე ადგილი)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: არა)

ლიგის უდიდესი ფრენჩაიზი ახალი გუნდის შენებას იწყებს. სელტიქსმა გაუშვა ლეგენდა პოლ პირსი, ზედ მიაყოლა ბოლო ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კევინ გარნეტი. ბოსტონში ერთადერთი ვარსკვლავი რაჟონ რონდო დარჩა, რომელიც ყველაზე კარგ შემთხვევაში დეკემბერში დაუბრუნდება გუნდს. რონდო ძალიან უკმაყოფილოა გუნდში მიმდინარე პროცესებით და არც ისაა გამორიცხული, შუა სეზონში გაუშვან გუნდიდან. სელტიქსის თამაშის ყურება ერთადერთი რამის გამო ღირს, გუნდს ჰყავს ცენტრი კელი ოლინიკი, რომელიც ზაფხულის კემპებზე ძალიან კარგ კალათბურთს თამაშობდა და ფარქვეშ გუნდის საუკეთესო მოთამაშე შეიძლება გახდეს. წელს ბოსტონის პროგრამა მაქსიმუმი მომავალი დრაფტისთვის კარგი პოზიციის მოპოვებაა.

ფილადელფია 76-იანები

(12/13 სეზონი – მეცხრე ადგილი)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: არა)

ფილადელფია უცნაური გუნდია. ვარსკვლავებს ზრდის და მერე უშვებს. წელს ჯრუ ჰოლიდეიმ დატოვა პენსილვანია. გუნდის ვარსკვლავს ახალბედა მაიკლ კარტერ უილიამსი შეცვლის. კარტერ უილიამსი კარგი ბიჭია და შეიძლება 3-4 წელიწადში დიდი კალათბურთი ითამაშოს, მაგრამ ჯრუს დაკარგვით გუნდმა მაყურებელი დაკარგა, ის ხალხი, რომელიც წელს ვაჩოვია ცენტრში ფილადელფიას თამაშებს ნახავდა. 76-იანებმა წელს დრაფტზე, კარტერ უილიამსთან ერთად ნერლენს ნოელი აიყვანეს. მას სუსტი კოჭები აქვს და ეს დიდი პრობლემაა, თორემ ისე ნოელი ჰაკიმ ოლაჯუონისა და ტიმ დანკანის სიმბიოზია, რომელსაც, იმედია, დიდი მომავალი ექნება. ნოელი გუნდს დეკემბრამდე ვერ დაეხმარება. ფლეი-ოფში ამ შემადგენლობით გასვლა გამორიცხულია.

ნიუ იორკ ნიქსი

(12/13 სეზონი – კონფედერაციის ნახევარფინალში ინდიანასთან, 2-4 წააგო)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: კი)

წელს, ჯერჯერობით, ნიუ იორკს სწორი სატრანსფერო პოლიტიკა აქვს. გუნდმა ბარნიანი დაიმატა, ზედ მეტა უორლდ ფისი დაამატა, ამით კი დაცვაში და პერიმეტრზე გაძლიერდა. კარმელო ენტონი ისევ ძალიან ბევრ ქულას ჩააგდებს, ისევ ძალიან ბევრ ბურთს ააცილებს და ნიუ იორკი ისევ გავა ფლეი-ოფში, სადაც მაქსიმუმ ერთ წრეს გაივლის.

ბრუკლინ ნეთსი

(12/13 სეზონი – კონფედერაციის მეოთხედფინალში ჩიკაგოსთან, 3-4 წააგო)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: კი)

ფურცელზე ბრუკლინი წარმოუდგენლად გაძლიერდა. ფურცელზე ბრუკლინი ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, მაგრამ მგონია, რომ ფლეი-ოფში გუნდი ინდიანასთანაც კი წააგებს. ამის მიზეზი გარნეტის და პოლ პირსის ასაკი, ბრუკ ლოპესის არასტაბილურობა და ჯო ჯონსონის ხასიათია. დერონ უილიამსი კვლავაც ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი იქნება და ბრუკლინი ფლეი-ოფში უპრობლემოდ გავა.

კარმელო ენტონი, დერონ უილიამსი, დენი გრეინჯერი

ცენტრალური დივიზიონი

დეტროიტ პისტონზი

(12/13 სეზონი – მეთერთმეტე ადგილი)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი ოფი: კი)

რამდენიმეწლიანი ჩავარდნის შემდეგ დეტროიტი ფლეი-ოფში დაბრუნდება. ამის გარანტი დგუშების ქალაქში ჯოშ სმიტისა და ბრენდონ ჯენინგსის მოსვლა იქნება. დეტროიტს ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო წინა ხაზი ეყოლება. ანდრე დრამონდი აუცილებლად მოუმატებს, გრეგ მონრო უკვე ძალიან კარგი მძიმე ფორვარდია, ჯოშ სმიტი კი ლიგის ერთერთი საუკეთესო დამცველი. ბრენდონ ჯენინგსი გუნდს ძალიან გააძლიერებს და შედეგად დეტროიტმა 40-45 თამაში უნდა მოიგოს. მთავარია, ბრენდონმა ტრავმა დროზე მოიშუშოს, ექიმების თქმით, ყოფილი მილუოკელი დეტროიტს ნოემბრის შუიდან დაეხმარება.

კლივლენდ კავალიერსი

(12/13 სეზონი – მეცამეტე ადგილი)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: კი)

შარშან ანდერსონ ვარეჟაო რომ არ დამტვრეულიყო, არავინ იცის, კლივლენდი რა გუნდი იქნებოდა. წელს კავალიერსს ორი ნიჭიერი, მაგრამ ლაზარეთის მუდმივი მომნახულებელი ცენტრი ჰყავს. ანდერსონ ვარეჟაო და ენდრიუ ბაინამი თუ სხვადასხვა დროს დაიმტვრევიან, კლივლენდი ფლეი-ოფში გავა. კაირი ირვინგი უკვე სუპერვარსკვლავია, დიონ უეიტერსი წელს უკეთესი იქნება. ჯერეტ ჯეკის დამატება კი, გუნდს მხოლოდ წაადგება. კლივლენდი თუ ჯანმრთელი იქნება, ფლეი-ოფში გავა. კლივლენდი ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური გუნდია ლიგაში.

ჩიკაგო ბულსი

(12/13 სეზონი – კონფედერაციის ნახევარფინალში მაიამისთან, 1-4 წააგო)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: კი)

ხარებს ეშველათ! დერიკ როუზი დაბრუნდა. ლიგის ერთგზის უძვირფასესი მოთამაშე ემვიპიმ, როგორც იქნა, ტრავმა მოიშუშა, ფსიქოლოგიური პრობლემები დაძლია და პარკეტზე დაბრუნდა. როუზთან ერთად ჩიკაგო აღმოსავლეთ კონფედერაციის მოგების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია. მართალია, გუნდმა რიჩარდ ჰამილტონი და ნეიტ რობინსონი დაკარგა, მაგრამ ისინი პაიკები იყვნენ. მთავარია, გუნდს როუზი დაუბრუნდა, რომელსაც ზურგს ძალიან ძლიერი ძირითადი ოთხეული და მშვენიერი სკამი უმაგრებს. გუნდმა ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა და მაიკლ დანლივი დაიმატა, ყოფილი მილუოკელი დენგს და ბუზერს დასვენების საშუალებას მისცემს ხოლმე.

მილუოკი ბაქსი

(12/13 სეზონი – კონფედერაციის მეოთხედფინალში მაიამისთან, 0-4 წააგო)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: არა)

გუნდიდან წავიდნენ ბრენდონ ჯენინგსი, მონტა ელისი, ჯეი ჯეი რედიკი. მოვიდნენ ო ჯეი მეიო, ზაზა ფაჩულია, ლუკ რიდნური და სხვა ხალხი, ვინც მილუოკის აუცილებლად მისცემს იმის საშუალებას, რომ დივიზიონში მკაცრად ბოლო ადგილზე გავიდეს. ვინ იცის, შეიძლება იმდენი მოახერხოს ბაქსმა, რომ ლიგაში ბოლო ადგილიც დაიკავოს.

ინდიანა პეისერსი

(12/13 სეზონი – კონფედერაციის ფინალში მაიამისთან, 3-4 წააგო)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: კი)

ვერ ვხედავ ერთ მიზეზსაც კი, რატომ არ უნდა მოიგოს ინდიანამ მინიმუმ 50 თამაში. პეისერსი შარშან კონფერენციის ფინალში იყო და მაიამის მეშვიდე თამაშამდე ებრძოლა. ინდიანა წელს კიდევ უკეთესი გუნდი იქნება. ინდიანაპოლისში მოვიდა ლუის სკოლა, გამოჯანმრთელდა დენი გრეინჯერი, გუნდი დაცვაში ისევ ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. ჰიბერტი და კომპანიის ფარქვეშ დომინაციაც უპრობლემოდ გაგრძელდება. ინდიანა მაიამისა და ჩიკაგოს შემდეგ აღმოსავლეთში საუკეთესოა.

დირკ ნოვიცკი, დერიკ როუზი, ჯეიმს ჰარდენი
 

სამხრეთ-აღმოსავლეთი 

ორლანდო მეჯიქი

(12/13 სეზონი – მეთხუთმეტე ადგილი)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: არა)

ორლანდო მეჯიქის გულშემატკივრებს გრძელი და სამარცხვინო წელი ელით. მეჯიქი შემადგენლობით NBA-ში უცუდესი გუნდია. მას ათამდე სპორტსმენი ჰყავს, რომელთაც გაუმართლათ, რომ სხვებზე ნაკლებად ცუდები არიან და, უბრალოდ, მოედანზე გამოვლენ. ორლანდო წელს წააგებს ყველაფერს, რისი წაგებაც შეიძლება.

მაიამი ჰიტი

(12/13 სეზონი – NBA-ს სუპერფინალში სან ანტონიო სპურსს, 4-3 მოუგო)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: კი)

ლებრონი და კომპანია ზედიზედ 27 თამაშს ალბათ ვეღარ მოიგებენ, მაგრამ საბოლოოდ თავის სასარგებლოდ 55-60 თამაშს უპრობლემოდ დაასრულებენ, უეიდს ხშირად დაასვენებენ და ფლეი-ოფებს ჯანზე შეხვდებიან. დიდი ალბათობით, ლებრონი კვლავაც ლიგის უძვირფასესი მოთამაშე გახდება, მაიამიში კი მორიგ ჩემპიონის ბეჭდებს დაარიგებენ.

ვაშინგტონ ვიზარდსი

(12/13 სეზონი – მეთორმეტე ადგილი)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: არა)

ვაშინგტონს გაუმართლა, რომ აღმოსავლეთ კონფედერაცია სუსტია. გუნდს შეუძლია ფლეი-ოფში გავიდეს, ამისთვის საჭირო იქნება, ჯონ უოლს ნენე ილარიომ და ემეკა ოკაფორმა მხარი აუბან. ვიზარდს ძალიან კარგი რუქი ოტო პორტერ ჯუნიორი ჰყავს, რომელსაც შეუძლია დედაქალაქის ახალი ჯადოქარი გახდეს.

ატლანტა ჰოქსი

(12/13 სეზონი – კონფედერაციის მეოთხედფინალში ინდანასთან, 2-4 წააგო)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: კი)

გუნდმა ჯოშ სმიტი კი დაკარგა, მაგრამ ფლეი-ოფში მაინც გავა და იმას გააკეთებს, რასაც ასე ხშირად აკეთებს – მაქსიმუმ მეორე რაუნდში წააგებს. ელტონ ბრენდი რამდენად გააძლიერებს გუნდს, ძნელი სათქმელია, ეს კაცი სადაც მივიდა, ყველგან უბედურება მიიტანა, აი, პოლ მილსაპის ჯორჯიას შტატში გამოჩენა კი, პოზიტიური მოვლენა იქნება. ზაზა ფაჩულიას ყოფილი გუნდი ვალდებულია, ფლეი-ოფში გავიდეს.

შარლოტი ბობქეთსი

(12/13 სეზონი – მეთოთხმეტე ადგილი)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: არა)

ერთხელ, სულ ერთხელ, ხომ შეიძლება სასწაული მოხდეს და მაიკლ ჯორდანმა დაინდოს თავისი გუნდი, სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და გუნდის აღმშენებლობა არ შეაჩეროს?! ამისთვის წელს საჭირო იქნება, გუნდი ბოლო ხუთეულში გავიდეს და მომავალ დრაფტზე ენდრიუ უიგინსი, ჯაბარი პარკერი, ჯულიუს რენდალი, მარკუს სმარტი – ამ კალათბურთელებიდან ერთ-ერთი აიყვანოს. ეს ბიჭები, წესით, სუპერვარსკვლავები დადგებიან.

დასავლეთ კონფერენცია

ჩრდილო-დასავლეთი

იუტა ჯაზი

(12/13 სეზონი – მეცხრე ადგილი)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: არა)

იუტაში ახალი გუნდის მშენებლობა იწყება. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ეს ახალგაზრდა გუნდი წელს არანაირი მაღალი მიზნებისთვის არ იბრძოლებს. იუტამ პოლ მილსაპიც გაუშვა და წელს, ყველაზე კარგ შემთხვევაში, 25 თამაშს მოიგებს.

დენვერ ნაგეთსი

(12/13 სეზონი – კონფედერაციის მეოთხედფინალში, გოლდენ სტეიტთან 2-4 წააგო)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: კი)

გუნდმა კორი ბრუერი და ანდრე იგოუდალა დაკარგა, მაგრამ რენდი ფოი, ნეიტ რობინსონი და ჯეი ჯეი ჰიქსონი დაიმატა, რაც ნაგეთსს საშუალებას მისცემს, ფლეი-ოფში დაბრუნდეს. დენვერი კვლავაც სწრაფი გუნდი იქნება, რომელიც ბევრ ქულას ჩააგდებს, თვითონაც ბევრს მიიღებს და პარკეტზე მუდამ შოუს დადგამს. ტაი ლოუსონი და კომპანია 45-50 თამაშს მოიგებენ. ერთადერთი პრობლემა დანილო გალინარის ტრამვაა, რომელიც გუნდს დეკემბრის დასაწყისში შეუერთდება.

ოკლაჰომა სითი თანდერი

(12/13 სეზონი – კონფედერაციის ნახევარფინალში მემფისთან, 1-4 წააგო)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: კი)

გუნდმა კევინ მარტინი გაუშვა, რაც, ერთი შეხედვით, დიდი დანაკლისი არაა, მაგრამ ოკლაჰომას ეს ფლეი-ოფებში დაეტყობა. თუ მას ჩემპიონობა უნდა, რასელ უესტბრუკი ჯანზე უნდა იყოს, მარტო კევინ დურანტი ვერაფერს იზამს. ჯანმრთელი ოკლაჰომა ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება.

პორტლენდ თრეილ ბლეიზერსი

(12/13 სეზონი- მეთერთმეტე ადგილი)
(13/14 სეზონის პროგნოზი - ფლეი ოფი: არა )

ლამარკუს ოლდრიჯი, ნიკოლა ბატუმი, ლიგის ამომავალი ვარსკვლავი დემიენ ლილარდი – ფურცელზე ეს სახელები ძალიან მაგარი გუნდის წინაპირობაა, მაგრამ პორტლენდი არაა მზად ფლეი-ოფში გასასვლელად. მეტიც, შეიძლება წელს ოლდრიჯი დაკარგოს და გულშემატკივარს კიდევ ერთი, არაფრისმომცემი სეზონი „აჩუქოს".

მინესოტა თიმბერვულვზი

(12/13 სეზონი – მეთორმეტე ადგილი)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: კი)

მინესოტას გულშემატკივრებმა უნდა ილოცონ ერთადერთ რამეზე – გუნდში ყველა ჯანმრთელი იყოს. მინესოტა ბოლო წლებია ტრავმებმა გააწამა. ხან კევინ ლავი იმტვრევა, ხანაც რიკი რუბიო. არადა, თიმბერვულვზი ძალიან სიმპათიური გუნდია, ლავისა და რუბიოს გარდა, იქ ნიკოლა პეკოვიჩი, კევინ მარტინი და ალექსანდრ შვედია, რომელიც ლუკ რიდნურის ადგილს უპრობლემოდ ამოავსებს. შაბაზ მუჰამედიც არ დაგავიწყდეთ – მინესოტას პირველწლიანი ბიჭი კოლეჯში კარგ კალათბურთს თამაშობდა. ამ გუნდს შეუძლია ფლეი-ოფში გასვლა.

ფინიქს სანსი

(12/13 სეზონი – მეთხუთმეტე ადგილი)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: არა)

ეს გუნდი დასავლეთ კონფერენციის ორლანდო მეჯიქია. სასწაული უნდა მოხდეს, რომ სანსი დივიზიონში ბოლოზე არ გავიდეს. რაზეც ფინიქსმა უნდა იზრუნოს, რუქი ალექს ლენის ფსიქოლოგიაა, რომელიც წელს იმდენს წააგებს, შეიძლება ლუზერის ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდეს.

საკრამენტო ქინგსი

(12/13 სეზონი – მეცამეტე ადგილი)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: არა)

ოდესღაც ძალიან ძლიერი ქინგსი, დღეს დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი უსუსტესი გუნდია, რომელმაც გაძლიერების მაგივრად ტაირეკ ევანსი გაუშვა. საკრამენტოს წელს დაცვა არ ეყოლება, გუნდი მთლიანად შეტევის იმედზე უნდა იყოს. სადაც უკანა ხაზში, რუქი ბენ მაკლემორი და გუნდის ახალწვეული გრეივის ვასკესი საინტერესო დუეტს ქმნიან.

ლოს ანჯელეს ლეიკერსი

(12/13 სეზონი – კონფედერაციის მეოთხედფინალში სან ანტონიოსთან, 0-4 წააგო)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: არა)

საპნის ოპერა დასრულდა. დუაიტ ჰოვარდი გუნდიდან წავიდა და შარშანდელი გულისამრევი ლეიკერსი აღარ არსებობს. კობი სანამ ცოცხალია, ეს გუნდი ფლეი-ოფში გასასვლელად მუდამ იბრძოლებს. წესით, კობის ხელი გასოლმა და ნეშმაც უნდა წააშველონ და ლეიკერსმა შეიძლება მეშვიდე-მერვე ადგილისთვის იბრძოლოს.

ლოს ანჯელეს კლიპერსი

(12/13 სეზონი – კონფედერაციის მეოთხედფინალში, მემფისთან 2-4 წააგო)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: კი)

გუნდში დოკ რივერსი მოვიდა, ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს. დოკი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოქმედი მწვრთნელია და გუნდს ჩემპიონობის პრეტენდენტად აქცევს. კლიპერსს წარმოუდგენლად კარგი ძირითადი ხუთეული ჰყავს, სკამზეც არაა ცუდი ხალხი: დარენ კოლინსონი, ანტუან ჯემისონი და ჯამაალ კროუფორდი თავის საქმეს გააკეთებენ. კლიპერსს ფინალამდე რთული გზის გავლა მოუწევს, თუმცა ამ გუნდის ჩემპიონობა რეალურია.

გოლდენ სტეიტ უორიორსი

(12/13 სეზონი – კონფედერაციის ნახევარფინალში სან ანტონიოსთან, 2-4 წააგო)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: კი)

უორიორსი ლიგის ყველაზე სიმპათიური გუნდია, რომელიც ჩემპიონობისთვის ვერ იბრძოლებს, მაგრამ ფლეი-ოფში ნებისმიერს გაამწარებს. მისი ყველა თამაშის ნახვაც ერთი სიამოვნება იქნება. წარმოიდგინეთ, სტეფონ კარის, კლაი ტომპსონს, ენდრიუ ბოგუტსა და დევიდ ლის გუნდში, ანდრე იგუოდალაც დაემატა.

 
ტონი პარკერი, რასელ ვესტბრუკი, კობი ბრაიანტი

სამხრეთ-დასავლეთი

სან-ანტონიო სპურსი

(12/13 სეზონი – NBA-ს სუპერფინალში მაიამისთან 3-4 წააგო)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: კი)

წლებია უკვე, ეს დივიზიონი ყველაზე ძლიერია და არც ეს სეზონი იქნება განსხვავებული. მისი უცვლელი ლიდერი კი გრეგ პოპოვიჩის უბერებელი დეზები იქნებიან. ამ გუნდის წარმატების საიდუმლო მარტივია – პარკერი, დანკანი და პოპოვიჩის გენია, რომელიც ნეხვსაც კი ოქროდ აქცევს. სან ანტონიო ერთხელაც (ამ გუნდთან მიმართებით ეს სიტყვა უკვე სასაცილო ხდება) გაიბრძოლებს ჩემპიონობისთვის, რომლამდეც შარშან რეი ალენის მიერ ერთი სროლის გაფუჭება დააკლდა.

ჰიუსტონ როქეთსი

(12/13 სეზონი – კონფედერაციის ნახევარფინალში ოკლაჰომასთან, 2-4 წააგო)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: კი)

თუ NBA-ში რომელიმე გუნდი დაწყევლილია, ეს აუცილებლად ჰიუსტონ როქეთსი იქნება. მას შემდეგ, რაც ჰაკიმ ოლაჯოუნმა მაიკლ ჯორდანის წასვლით „ისარგებლა" და ორი ჩემპიონობა მოასწრო, გუნდს ფატალურად არ უმართლებს. იაო მინი ისე დაიმტვრა, კალათბურთიდან წავიდა, სტივ ფრენსისს ტეხასში ტირილის და წუწუნის მეტი არაფერი უკეთებია, ტრეისი მაკგრეიდი პალატაში უფრო მეტ დროს ატარებდა, ვიდრე პარკეტზე. ახლა გუნდმა დუაიტ ჰოვარდი დაიმატა და, ერთი შეხედვით, ჩემპიონობის სერიოზულ კანდიდატად იქცა, მაგრამ იღბალი სჭირდება, რომ ჰოვარდმა, ჰარდენმა და ლინმა ერთად თუნდაც ფლეი-ოფის ერთი წრე გაიარონ.

მემფის გრიზლისი

(12/13 სეზონი – კონფედერაციის ფინალში სან ანტონიოსთან, 0-4 წააგო)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: კი)

დათვებს მშვიდი სატრანსფერო პოლიტიკა ჰქონდათ. გუნდის ბირთვი და ყველა მნიშვნელოვანი მოთამაშე შეინარჩუნეს და მაიკ მილერი დაიმატეს, რაც მათ პერიმეტრის შეტევას ძალიან გააძლიერებს. მემფისი ფლეი-ოფში აუცილებლად გავა, სადაც კვლავაც ყველასთვის უხერხული მეტოქედ დარჩება. მემფისის დაცვა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.

დალას მავერიქსი

(კალდერონის ტრამვა. ჰარისი ოლ სტარამდე არ იქნებ)
(12/13 სეზონი – მეათე ადგილი)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: არა)

მე მჯერა, რომ დალასი წელს ფლეი-ოფში დაბრუნებისთვის იბრძოლებს. ტეხასურმა გუნდმა აგრესიული სატრანსფერო კამპანია განახორციელა. გუნდმა გამოსადეგი ხოსე კალდერონი, მონტა ელისი, სემუელ დალემბერტი და მათთან ერთად რამდენიმე სრულიად გამოუსადეგარი მოთამაშე დაიმატა. დირკ ნოვიცკის ამ მოთამაშეებით და კიდევ 2-3 ვეტერანით შეუძლია ფლეი-ოფში გასვლა, თუმცა ალბათ ამისთვის 4-5 მოგება დააკლდება. 

ნიუ ორლეან პელიკანსი

(12/13 სეზონი – მეთოთხმეტე ადგილი)
(13/14 სეზონის პროგნოზი – ფლეი-ოფი: არა)

ნიუ ორლეანი ამიერიდან პელიკანების გუნდია და ახალი სახელით პირველივე წელს შეუძლია ფლეი-ოფისთვის ბრძოლა. გუნდმა ჯრუ ჰოლიდეის და ტაირეკ ევანსის სახით ორი ძლიერი მოთამაშე დაიმატა. ენტონი დევისი ჯანზე რომ ყოფილიყო, შარშან წლის საუკეთესო ახალბედა გახდებოდა და იმედია, ამ სეზონში ტრავმები არ გააწამებს. ერიკ გორდონი კარგი მეორე ნომერია. ნიუ ორლეანის პრობლემა ცენტრის პოზიციაა. აქ კარგი მოთამაშე რომ ჰყავდეთ, ფლეი-ოფში აუცილებლად გავიდოდნენ, ახლა კი ბევრი ბრძოლის გადატანა მოუწევთ და, სავარაუდოდ, მეცხრე-მეათე ადგილზე გავლენ.

 

კომენტარები