პრეზიდენტის რეზიდენცია

სააკაშვილი: არავინ ისე არ ამაყობს ხუთჯვრიანი დროშით, როგორც მე

პრეზიდენტის რეზიდენცია
ლანა ღვინჯილია

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავლაბრის სასახლეზე ე.წ. გულებიანი დროშის აღმართვაზე მთავრობის პოზიციას გამოეხმაურა. მისი განცხადება პრეზიდენტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

"ცოტა ზედმეტი ხომ არ მოსდით მთავრობაში დაბრუნებულ შევარდნაძის მთავრობის თანამდებობის პირებს, როცა ჩემგან იცავენ იმ დროშას, რომლის გამოყენებაზე არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩემს წინააღმდეგ მაშინ, როცა თბილისის საკრებულოს თავჯდომარე ვიყავი. გუმბათიდან რამდენიმე საათით დროშის ჩამოხსნაზე დარდს გამოხატავს ის მთავრობა რომელიც გეგმავს რამდენიმე დღეში სამუდამოდ დაუკარგოს ამ სასახლეს სახელმწიფო დაწესებულების სტატუსი. მთელი ეს წლები მკერდით ვატარებ ხუთჯვრიან დროშას რომელიც დღევანდელი მთავრობის არც ხელმძღვანელის, არც სხვა რომელიმე მინისტრის პიჯაკზე არასდროს დამინახავს. არავინ ისე არ ამაყობს ამ დროშით, როგორც მე, რადგან, როცა შემომქონდა, მაშინაც მამოძრავებდა და ახლაც მამოძრავებს რწმენა, რომ ეს დროშა ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს ღირებულებებს და, ამასთან, საუკეთესოა მსოფლიოს სახელმწიფოთა დროშებს შორის" - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინდელიდან, პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშის ნაცვლად, ე.წ გულებიანი დროშა ფრიალებს. მთავრობამ მიხეილ სააკაშვილს რეზიდენციაზე სახელმწიფო დროშის აღმართვისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის განმარტებით, პრეზიდენტის სასახლის თავზე ე.წ. გულებიანი დროშის აღმართვა მუსიკალური კლიპის გადაღებას უკავშირდება და მას დღეს, შუადღის შემდეგ ჩამოხსნიან. 

კომენტარები