მარგველაშვილის შეხვედრა ელჩებთან

მარგველაშვილი: ვილნიუსის სამიტის შემდეგ იწყება ერთწლიანი სერიოზული პერიოდი

დღეს საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ვილნიუსის სამიტი იყო. ასევე, გიორგი მარგველაშვილმა ელჩებისგან მილოცვები მიიღო.

"ვისაუბრეთ ვილნიუსის სამიტზე და ვილნიუსის სამიტის შემდგომ პერიოდზე. მინდა გაგახსენოთ, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ იწყება უაღრესად სერიოზული ერთწლიანი პერიოდი. საქართველოს ექნება ძალიან ბევრი სამუშაო იმისთვის, რომ ვილნიუსის სამიტის მიღწევა - ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობის პარაფირება რეალურად შედგეს. საჭირო იქნება ერთწლიანი სკრუპულოზური მუშაობა იმისთვის, რომ 2014 წლის სექტებერში ჩვენ უკვე მოვაწეროთ ხელი ამ ხელშეკრულებას. დელეგაციის ფორმატია 1+2+5. დელეგაციის ხელმძღვანელი ვიქნები მე", - თქვა მარგველაშვილმა. 

ჩეხეთის ელჩის ივან იესტრჟაბის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორულ მთლიანობას და თქვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ვისაუბრეთ ვილნიუსის სამიტზე, რომელიც მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ისეთი ქვეყნებისთვის, როგორც საქართველოა. ამ შეხვედრაზე დაიწყება ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომი ეტაპი და ჩეხეთი ამაში დიდ დახმარებას გაუწევს თქვენს ქვეყანას", - აღნიშნა იესტრჟაბმა. 

კომენტარები