სუიციდი ციხეებში

არჩილ თალაკვაძე: ციხეებში სუიციდის პრევენციის პროგრამა ამოქმედდება

mcla.gov.ge

უახლოეს პერიოდში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სუიციდის პრევენციის პროგრამა ამოქმედდება. პროგრამაზე მუშაობა სასჯელაღსრულების სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და სპეციალისტებმა დღეს დაიწყეს. ევროკავშირის ოფისში სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე სასჯელაღსრულების მინისიტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პროგრამა ციხეებში სუიციდის შემთხვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. მისი თქმით, ამ დროისათვის დაწესებულებებში არსებული ინფორმაციით, სუიციდის რისკის მატარებელი ასამდე პირია, თუმცა, თალაკვაძის განმარტებით, პროგრამის ამოქმედებისთანავე ყველა პატიმარს ჩაუტარდება შესაბამისი გამოკვლევა და მოხდება მათი კომპლექსური დახმარება.

მინისტრის მოადგილის თქმითვე, ახალი პროგრამის შემუშავებას სავარაუდოდ 10 დღე დასჭირდება და სწორედ ამის შემდეგ ამოქმედდება. არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრისთანავე გამოიკვლიოს პირის ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული მდგომარეობა და ამის შემდეგ, რისკის მატარებელ პირს სპეციალისტების კომპლექსური დახმარება გაეწიოს.

"პროექტის ძირითადი ამოცანებია, რომ პატიმართა შორის თვითმკვლელობის მცდელობები შემცირდეს. 2005 წლიდან დღემდე ათეულობით სუიციდის შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა ამის გამომწვევი მიზეზები აქამდე არ შეუსწავლიათ. ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით სპეციალური ჯგუფი ძალიან მოკლე დროში შეიმუშავებს სპეციალურ პროგრამას, რომელსაც ჰქვია "სუიციდის პრევენციის პროგრამა" და ამის მიზანი იქნება მიდრეკილი ადამიანების დროულად აღმოჩენა, მათთვის კომპლექსური დახმარების უზრუნველყოფა, ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული მომსახურება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, პროგრამის ამოცანა ასევე იქნება იმ ადამიანების დახმარება, რომლებმაც წარსულში სცადეს სუიციდი, თუმცა მათი გადარჩენა მოხერხდა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სუიციდის ექვსი წამყვანი მიზეზი არსებობს, თუმცა ჯერჯერობით არ არის გამოკვლეული, ძირითადად რომელი მიზეზები ფიგურირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

"არსებობს 6 წამყვანი მიზეზი, ეს არის: დეპრესია, ფსიქოზები, იმპულსური რეაქციები, რომლებიც ძირითადად ნარკო-ალკოჰოლდამოკიდებულებებს ახასიათებთ, ასევე შემთხვევები, როდესაც დახმარებას ითხოვენ და სუიციდის გზით ცდილობენ ყურადღების მიქცევას და კიდევ ორი მიზეზი - ფილოსოფიური ხედვა თვითმკვლელობის მიმართ და მეორე, როდესაც თვითმკვლელობები ძირითადად ახალგაზრდებს ყურადღების მისაქცევად სჭირდებათ შეყვარებულთან მიმართებაში. ამ მიზეზებიდან რომელია ყველაზე ხშირი, სისტემაში შესწავლილი არ არის. ზუსტად ამ პროგრამის ამოცანაა, რომ აღნიშნული მიზეზი შეისწავლოს", - განაცხად არჩილ თალაკვაძემ.

პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და სოციალური სამსახურის წარმომადგენლები ვალდებული იქნებიან, რომ სუიციდის რისკის მატარებელ პირს მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ.

კომენტარები