სუიციდი ციხეებში

ციხეებში სუიციდის პრევენციის პროგრამა დაიწყო

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულების სამინისტრომ სუიციდის პრევენციის პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამის მიზანია სუიციდის რისკების და სუიციდისკენ მიდრეკილი პატიმრების გამოვლენა და მათთვის მულტიდისციპლინური დახმარების აღმოჩენა, რომელშიც ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, სოციალური მუშაკი, ოჯახის ექიმი და დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენელი ჩაერთვებიან.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის განხორციელება სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებიდან დაიწყო.  

"თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი რისკი, სხვადასხვა კვლევის მიხედვით, პატიმრისთვის დაწესებულებაში შესახლების პირველ ეტაპს, წინასწარ პატიმრობასა და სასამართლო პროცესებს, პატიმრობიდან 1 წლის შემდეგ ოჯახთან შექმნილ სირთულეებს და გათავისუფლების წინა პერიოდს ახლავს თან. სუიციდის პრევენციის კუთხით მუშაობას არსად არ აქვს აბსოლუტური შედეგები, თუმცა ცნობილია, რომ ამ ტიპის პროგრამები თვითმკვლელობის მაჩვენებელს საგრძნობლად ამცირებს და აადვილებს იმ ადამიანების აღმოჩენას და დახმარებას, ვისაც დეპრესია, სუიციდური იდეები და თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი ემოციური კრიზისები ახასიათებთ. პროგრამა სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციების და ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - "ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ მხარდაჭერით შეიმუშავა", - აცხადებს სასჯელაღსრულების სამინისტრო.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სუიციდის პრევენციის პროგრამის ამოქმედება სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ 7 ნოემბერს დააანონსა.

კომენტარები