მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ბედნიერი ვიქნები თუ ახალი მთავრობა წარმატებას მიაღწევს

www.chveniambebi.info

მიხეილ სააკაშვილი ახლადარჩეულ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და საქართველოს მთავრობას წარმატებას უსურვებს. როგორც სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა, მასზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება თუ ახალი მთავრობა წარმატებას მიაღწევს.

"მე მინდა, წარმატება ვუსურვო საქართველოს ახალ მთავრობას და პრეზიდენტს. მიმაჩნია, რომ მათი ფოკუსი უნდა იყოს მომავალზე კონცენტრაცია თუ როგორ უნდა წაიყვანონ საქართველო უკეთესობისკენ. ბიზნესრეიტინგებში საქართველო 137-ე ადგილიდან გადავიყვანე მერვეზე, გადაიყვანონ მათ პირველზე და ეს მხოლოდ გამიხარდება. ჩვენ გავზარდეთ ეკონომიკა რამდენჯერმე, მათ კიდევ უფრო გაზარდონ და გამიხარდება. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება თუ ახალი მთავრობა მიაღწევს წარმატებას. მისი წარუმატებლობა კი იქნება საქართველოს წარუმატებლობა. მე იმდენი წელი შევალიე საქართველოს სამსახურს, ისე მინდოდა საქართველოს წარმატება, რომ არც ერთი ფორმით არ გამიხარდება მისი წარუმატებლობა. მე მადლიერი ვარ ხალხის, რომ მომცეს შესაძლებლობა შემეცვალა ქვეყანა უკეთესობისკენ", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ყოფილი მთავრობის 9-წლიანი პერიოდის შეფასების მთავარი კრიტერიუმი იქნება ის – შენარჩუნდება თუ არა ინსტიტუტები. 

"გუშინ ერთმა ახალგაზრდამ მკითხა თუ როგორ შევაფასებ 9-წლიან მმართველობას. მე ვერ შევაფასებ, ამას დრო შეაფასებს. მთავარი კრიტერიუმი ის კი არ იქნება, ვიღაცას სამ წელიწადში მოვეწონები თუ არა ან დავავიწყდები თუ არა. მთავარი კრიტერიუმი ის არის, გაძლებს თუ არა ის ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენ შევქმენით, თუ გაძლებს ის, რომ ხალხი მთავრობას ყოველთვის მოთხოვს, რომ არ იყოს კორუფცია, პოლიცია იყოს ყოველთვის ხალხის მხარეს, შეიარაღებული ძალები იყოს დეპოლიტიზირებული, საქართველოს ყავდეს ადგილობრივი მმართველობა, რომელსაც ხალხი მართავს. თუ არჩევნების სისტემა შენარჩუნდა, ესე იგი ჩვენ მაგარი რაღაც გაგვიკეთებია. ეს იქნება მთავარი კრიტერიუმი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას ავლაბრის რეზიდენციიდან "მისი სულის განდევნის" გზები შესთავაზა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, ავლაბრის რეზიდენცია მისი პირადი სახლი არასოდეს ყოფილა. პრეზიდენტის შეფასებით, ავლაბრის სასახლე უკვე დიდი ისტორიული ტრადიციის მატარებელია, რადგან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მთელი მთავრობა იქ იმყოფებოდა.

"საქართველოს მხარდასაჭერად თბილისში ჩამოსული მსოფლიო ლიდერები ამ დარბაზში მართავდნენ პრესკონფერენციებს. ეს უკვე დიდი ისტორიული ტრადიციის მქონე შენობაა. თუ ჩვენ არ გვინდა, საქართველო იყოს პატარა სოფელი, როგორც ერთი ადამიანი ამბობს და გვინდა, იყოს ქვეყანა, ქვეყანას სჭირდება სიმბოლოები. რა თქმა უნდა, ყველა დაწესებულების შინაარსი ქართველმა ხალხმა უნდა შეავსოს. ამ შენობიდან პრეზიდენტის სასახლის გასახლება სახელმწიფოებრიობის შესუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯია. თუ არ მოგწონთ, რომ აქ სააკაშვილი იჯდა, შეგიძლიათ გაანიავოთ. შეგიძლიათ სხვა მანიპულაციებიც ჩაატაროთ, რომ ამ შენობიდან ჩემი სული განდევნოთ, მაგრამ ინსტიტუტი არ უნდა განდევნოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები