The Wall Street Journal სააკაშვილზე

WSJ: სააკაშვილი - საქართველოს ჯორჯ ვაშინგტონი

dealbreaker.com

სააკაშვილი - საქართველოს ჯორჯ ვაშინგტონი - ამ სათაურით აქვეყნებს სარედაქციო წერილს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal.

წერილში წერია, რომ ”ალბათ მხოლოდ თანამებრძოლს შეუძლია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ტკივილის გაზიარება. საქართველოს პრეზიდენტი ძალაუფლებას დაუფასებელი და არაპოპულარული ტოვებს, მაგრამ ვფიქრობთ, ისტორია უფრო კეთილი მსაჯული იქნება.” 

ამერიკულ გამოცემაში აღნიშნულია, რომ კავკასიის რეგიონის ქვეყნის 10 წლიანი მმართველობისას, სააკაშვილმა ბევრი შეცდომა დაუშვა, თუმცა მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა.

”36 წლის პრეზიდენტი, რომელმაც კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა დაამთავრა, 2003 წელს მშვიდობიან და დემოკრატიულ ვარდების რევოლუციას ედგა სათავეში. მან თავისი ენერგია და იდეები ჩადო მოკლე ომებისგან განადგურებულ ერში, რომელიც რუსეთის კლანჭებისგან გადასარჩენად იბრძოდა.

სააკაშილმა დაითხოვა საგზაო პოლიცია და წვრილმანი კორუფციის კულტურა ამოძირკვა. გაამარტივა ბიზნესის დაწყება და პატიოსანი გზით ფულის შოვნა უფრო მეტად, ვიდრე იმ ქვეყნებში, რომლებზეც დროის რამდენიმე განსხვავებული სარტყელი გადის. საქართველოს ეკონომიკა მისი მმართველობის პერიოდში საშუალოდ 6%-ით იზრდებოდა. მან განაცხადა რომ, რომ საქართველოს ადგილი NATO-სა და ევროკავშირში იყო.” - წერია წერილში.

The Wall Street Journal სარედაქციო წერილში წერს, რომ ღარიბი დემოკრატიული ტრადიციის მქონე ერის ქარიზმატული ლიდერი - სააკაშვილი შესაძლოა ზედმეტად ხისტი იყო.

”2007 წელს მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტს ის გადაჭარბებული რეაქციით შეხვდა, როდესაც ნაციონალური მაუწყებელი დახურა. სააკაშვილი გადარჩა ვლადიმირ პუტინის რუსეთთან ომში 2008 წელს, თუმცა ომის შედეგად საქართველომ შესაძლოა სეპარატისტული რეგიონების დაბრუნების შანსი დაკარგა .

ძალაუფლების 10 წლის შემდეგ, მან თავისი პოზიტიური კაპიტალი სულ დახარჯა. მისმა მილიარდერმა მოწინააღმდეგემ - ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური კოალიცია ქართული ოცნება შექმნა, რომელმაც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის მმართველი პარტია დაამარცხა. ივანიშვილი ბოღმიანი გამარჯვებული აღმოჩნდა - მან პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა და სააკაშვილის მოკავშირეები დააპატიმრა კორუფციის ბრალდებით.” - წერია წერილში.

გამოცემის წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სააკაშვილმა პრეზიდენტობის მეორე და კონსტიტუციით მინიჭებული უკანასკნელი 5 წლიანი ვადა დაასრულა.

”კვირას ქართველებმა პრეზიდენტად ივანიშვილის მოკავშირე აირჩიეს. მიხეილ სააკაშვილი თანამდებობას დატოვებს, როგორც საქართველოს ჯორჯ ვაშინგტონი, რომელმაც დემოკრატიას საფუძველი იმ რეგიონში ჩაუყარა, სადაც არჩეული ლიდერები ხშირად დიქტატორებად იქცევიან ხოლმე. ივანიშვილს შეუძლია, პატივი სცეს ამ მიღწევას და პოლიტიკურ შურისძიებაზე უარის თქმით, შეინარჩუნოს საქართველო, როგორც რეგიონის სანიმუშო ქვეყანა.” - წერია The Wall Street Journal-ის სარედაქციო წერილში.

კომენტარები