გუბერნატორები

თენგიზ გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობას ტოვებს

თენგიზ გუნავა
news.ge

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე თანამდებობას დატოვებს. როგორც გუნავამ ტაბულას განუცხადა, ქართულ ოცნებასთან მუშაობას არ აპირებს.

"მე ადრეც ვთქვი, რომ თუ ქართული ოცნების კანდიდატი გაიმარჯვებდა, თანამდებობას დავტოვებდი. ბუნებრივია, ეს ძალაშია და მე სიტყვას უკან არ წავიღებ. მათთან მუშაობას არ ვაპირებ და არც იმის საშუალებას მივცემ, რომ თავად მომხსნან. თანამდებობას უახლოეს მომავალში დავტოვებ და გავაგრძელებ ბრძოლას ოპოზიციაში", - ამბობს გუნავა.

გუბერნატორის პოსტს დატოვებს იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებული ვახტანგ ბალავაძეც. მისი თქმით, იგი შესაძლოა, ხვალ პოსტზე აღარ იყოს.

"რა თქმა უნდა, წავალ თანამდებობიდან, რადგან არჩევნების შემდეგ იცვლება პოლიტიკური ვითარება", - განუცხადა ვახტანგ ბალავაძემ PSnews.ge-ს და აღნიშნა, რომ ის რჩება ნაციონალურ მოძრაობაში, "რომელიც იქნება ყველაზე ძლიერი ოპოზიცია ქვეყანაში".

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რომელიც ძალაში პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან შედის, სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორები მთავრობის წინაშე ხდებიან ანგარიშვალდებული. მათ თანამდებობაზე პრეზიდენტის ნაცვლად, ამიერიდან მთავრობა მოხსნის და დანიშნავს. 

კომენტარები